როგორ ავიმაღლოთ მუშაობის მოტივაცია - ინფორმაცია დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის | Allnews.Ge

როგორ ავიმაღლოთ მუშაობის მოტივაცია - ინფორმაცია დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის

სამუშაო დღის დასაწყისში თავს ენერგიულად და მოტივირებულად ვგრძნობთ, შუადღეს კი უკვე დაღლილები და მოდუნებულები ვართ, რაც ჩვენს შრომისუნარიანობაზეც აისახება.

მუდმივი დაღლილობა ზეგავლენას როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზეც ახდენს. მისი გამომწვევი მიზეზები კი კომპლექსურია: არასაკმარისი ძილი, არასწორი კვება, სტრესი და დატვირთული სამუშაო საათები.

რატომ ვიღლებით მალე და როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია, რათა ნაყოფიერი სამუშაო დღე გვქონდეს?

ამ საკითხზე Allnews.ge ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტ სოფო ოყროშიძესა და ოჯახის ექიმ სოფო ჩხეიძეს ესაუბრა.

ელენე ოყროშიძის თქმით, ადამიანების უმეტესობა დღის მეორე ნახევარში დაღლილობას განიცდის, მაგრამ არსებობს ისეთი კატეგორიაც, რომელიც შრომისუნი ღამის საათებშია.

შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს

"გააჩნია, რამდენად გაინტერესებთ თქვენი სამუშაო, რამდენად ჩართული ხართ მასში, რადგან ეს ყველაფერი თქვენს მოტივაციასა და დაღლილობაზე აისახება. როცა ადამიანს არ უყვარს თავისი სამუშაო, ემართება პროფესიული სტრესი და არამხოლოდ საღამოს, არამედ დილიდანვე ვერ მუშაობს ნაყოფიერად," - აღნიშნავს ის.

სპეციალისტის განმარტებით, დაღლილობისა და მოტივაციის დაქვეითების თავიდან ასაცილებლად, ორგანიზაციულმა ფსიქოლოგიამ ახალი გრაფიკი შემოიტანა, რომელიც არა სამუშაო საათების ხანრგძლივობაზე, არამედ ნაყოფიერ შრომაზეა ორიენტირებული.

"ეს არის ძალიან მომგებიანი, რადგან დროს როგორ გადაანაწილებს, ეს თავად დასაქმებული პირის უფლებაა.

ამ მოდელზე ბევრი ორგანიზაციაა გადასული და ის ნამდვილად ამართლებს," - ამბობს ელენე ოყროშიძე და დასძენს, რომ უფრო შრომისუნარიანები ვიქნებით, თუ საკუთარ თავს დაღლილობამდე არ მივიყვანთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე, ცოტა ხნით დავისვენებთ.

თერაპევტი სოფო ჩხეიძე მუდმივ გადაღლილობას არასწორად გადანაწილებულ დასვენების დროს, სწრაფი კვების ობიექტებში კვებასა და გვიან დაწყებულ სამუშაო საათებს უკავშირებს.

"დღის მანძილზე, განრიგიდან გამომდინარე, დასვენების დრო სწორად უნდა გადავანაწილოთ. შეიძლება, ჩვენი შესვენება ერთ საათიანი იყოს, მაგრამ როდესაც ძალიან აქტიურები და დატვირთულები ვართ, ეს დრო 10 წუთიან შესვენებებად უნდა გადავანაწილოთ.

რამდენიმე წუთით უნდა გავიარ-გამოვიაროთ, გარკვეული გამაჯანსაღებელი მოძრაობები გავაკეთოთ," - გვირჩევს ექიმი.

სოფო ჩხეიძე აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი მივიღოთ.

"სამწუხაროდ, აქტიური ადამიანები ხშირად სწრაფ კვებას მიმართავენ, რათა დრო დაზოგონ და დანაყრდნენ, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რადგან მუდმივად მძიმე საკვების მიღება ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული არ არის. სასურველია, უფრო ჯანსაღად ვიკვებოთ," - განმარტა მან.

ექვსსაათიანი სამუშაო გრაფიკი ადამიანის პროდუქტიულობას ზრდის და მას უფრო ბედნიერს ხდის

ოჯახის ექიმის თქმით, კვირაში ორჯერ ფიზიკური აქტივობით უნდა დავკავდეთ. სასურველია, ეს იყოს ცურვა ან ფიტნესი, რათა კარგი განწყობა და ჯანსაღი სხეული შევინარჩუნოთ, რაც აქტიურობასა და სამუშაოს ნაყოფიერად შესრულებაში დაგვეხმარება.

"ჩემი აზრით, მუშაობა უნდა დაიწყოს უფრო ადრე და დასრულდეს დაახლოებით 5 საათზე. ამ შემთხვევაში ადამიანი უფრო აქტიურიც იქნება და დღის მეორე ნახევარში ნაკლებად დაიღლება," - დასძინა სოფო ჩხეიძემ.

ორივე სპეციალისტი გვირჩევს, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე წუთი საკუთარ თავს დავუთმოთ, დავისვენოთ და განვიტვირთოთ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz