რა შედეგები მოაქვს არასრულწლოვნების მიერ თამბაქოს მოხმარებას | Allnews.Ge

რა შედეგები მოაქვს არასრულწლოვნების მიერ თამბაქოს მოხმარებას

საქართველოში არსებული რეგულაციის თანახმად, არასრულწლოვნებზე თამბაქოს რეალიზება აკრძალულია, ამის მიუხედავად, ბევრი მათგანი სიგარეტს მაინც მოიხმარს, რასაც ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევაც (ESPAD) ადასტურებს.

კვლევის თანახმად, ქართველ მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია, მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28%-მა და გოგონების 13%-მა) მოწევა 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა.

თამბაქოს მოხმარების გავრცელების მიზეზებსა და შედეგებზე Allnews.ge ორ მოზარდსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ესაუბრა.

16 წლის ირაკლი თამბაქოს უკვე მეცხრე თვეა მოიხმარს. მისი თქმით, მშობლები და მეგობრები სიგარეტს აქტიურად ეწევიან, ამიტომ თავადაც გასინჯა, შემდეგ კი ყოველდღიურად მისი შეძენა დაიწყო.

"რაც მოწევა დავიწყე, თავის დანებება არ მიცდია, იმიტომ რომ ამისი მიზეზი არ მაქვს და ჯერჯერობით სიგარეტის მოწევას ისევ ვაპირებ,"- აღნიშნა მოზარდმა Allnews.ge-სთან საუბრისას.

ელენე, რომელიც ამჟამად 17 წლისაა, თამბაქოს უკვე 3 წელია მოიხმარს. მან სიგარეტი პირველად მეგობრებთან ერთად მოწია, შემდეგ კი რეგულარულად დაიწყო მისი მოხმარება.

უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ელექტრო სიგარეტი

"14 წლის ვიყავი, მე და ჩემმა მეგობრებმა სიგარეტი პირველად რომ მოვწიეთ და მას შემდეგ, როცა ვიკრიბებოდით, სულ ვეწეოდით ხოლმე. ახლაც ყოველდღე ვეწევი, თუმცა ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ არ იციან. მიუხედავად იმისა, რომ მწეველი ვარ, ვფიქრობ, სიგარეტისთვის თავის დანებება შემიძლია, მაგრამ არ მინდა," - აღნიშნა ელენემ.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოს მოზარდები სოციალური გავლენის გამო მოიხმარენ, რათა საკუთარი თავი უფრო დიდი ასაკის მქონედ წარმოაჩინონ და საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრონ, თუმცა რისკებს ინფორმაციის არქონისა და მიმბაძველობის გამო ვერ აანალიზებენ.

"მოზარდობაში თამბაქოს მოხმარება ყველაზე მეტად სასუნთქ სისტემაზე აისახება. ეს არის ხველისა და ასთმის განვითარება, ქრონიკული ბრონქიტის რისკი, ინფექციების მიმღებლობის ძალიან მაღალი რისკი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

თამბაქო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად აისახება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი მოხმარება ადრეულ ასაკში ხდება.

მოწევა მეორად სასქესო სისტემებზე, ბავშვის ზრდა-განვითარებაზე აისახება, ასევე ზეგავლენას როგორც მოზარდის წონაზე, ისე მის სიმაღლეზე ახდენს. რაც მთავარია, მწეველების გონებრივი განვითარების მაჩვენებელი და IQ ჩამორჩება არამწეველებისას, რაც კვლევებითაა დადგენილი," - განმარტავს მედიკოსი.

პირველი ქვეყანა, რომელმაც მოწევა აკრძალა

ივანე ჩხაიძის განმარტებით, თამბაქოს მოხმარება ზეგავლენას ბავშვთა ავადობაზე პირდაპირ ახდენს და თუ პირი მას მოზარდობის ასაკიდან მოიხმარს, ეს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას გამოიწვევს.

"თამბაქო ქიმიურ კალცეროგენებს შეიცავს, ამიტომ მისგან გამოწვეული ზიანის უმრავლესობა ონკოლოგიური დაავადებების ზრდაზე აისახება. ესენია ფილტვის, პირის ღრუს, შარდ-სასქესო სისტემისა და სხვა ორგანოების ონკოლოგიური პათოლოგიები და აქ მხოლოდ აქტიური კი არა, პასიური მოწევაც იგულისხმება," - აღნიშნა მედიკოსმა და ასევე დასძინა, რომ თამბაქო უარყოფითად ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს, - "არ არსებობს ორგანო, რომელიც თამბაქოს მოწევით ზემოქმედებას არ განიცდის."

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი თამბაქოსგან თავის შეკავებას განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდებს, რადგან მისი მოხმარება ნაყოფის ზრდა განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz