როგორ შეიძლება თბილისში საცობებთან გამკლავება | Allnews.Ge

როგორ შეიძლება თბილისში საცობებთან გამკლავება

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილებისას ხშირად საცობებში დგომა საათების განმავლობაში გვიწევს, რაც ძირითადად პიკის საათებში ხდება. ეს პრობლემა უკვე  ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გადაუჭრელ სახეს იღებს.

ქალაქის რომელ მონაკვეთებში წარმოიქმნება საცობები ყველაზე ხშირად და როგორ უნდა განმუხტოს ისინი, ამის შესახებ Allnews.ge სპეციალისტებს ესაუბრა.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" საცობის განმუხტვის გზებს შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებასა და მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში ხედავს. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტს თბილისის ტრანზიტული მოძრაობისგან განმუხტვა შეუძლია.

თბილისში მალე 12 მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება

"ეს არის 30კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მოძრაობას 37%-ით განმუხტავდა, თუმცა ის უკვე 4 წელია გაჩერებულია," - აღნიშნა მესხიშვილმა და ასევე დასძინა, რომ თბილისში ყველაზე გადატვირთული მოძრაობა საბურთალოს რაიონშია.

"მე მომხრე ვიყავი, რომ სააკაძის მოედანზე ორდონიანი მოძრაობა ესტაკადის საშუალებით მოწყობილიყო

ისე რომ ნაკადებს ერთმანეთი არ გადაეკვეთათ და პირდაპირ სანაპიროზე ჩასულიყვნენ. დამონტაჟებული შუქნიშნით არამარტო სააკაძის მოედანი, არამედ მიმდებარე ქუჩებიც ვერ განიმუხტა," - განაცხადა მან.

"საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" პრეზიდენტის, შალვა ოგბაიძის თქმით, თბილისში მოძრაობა ყველაზე მეტად გადატვირთული გმირთა მოედანზე, სააკაძის მოედანზე და სასტუმრო Holiday Inn-ის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

როგორ გაუმკლავდა იაპონია, გადატვირთული ქუჩების პრობლემას

"საცობია, სულხან ცინცაძის ქუჩის დასაწყისიდან ყაზბეგის ჩასახვევამდე. საცობსაშიში ადგილია შარტავასა და ვახუშტის ქუჩები, რომელზეც ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდი ესტაკადით უნდა გაგრძელდეს. პრობლემურია პეკინისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის შემაერთებელი მონაკვეთი, სადაც პოლიცია პატრულირებს და ჟვანიას მოედნიდან წამოსულ სატრანსპორტო ნაკადს პირდაპირ პეკინზე არ უშვებს და ვაჟა-ფშაველას გამზირიდან უწევთ შემოვლა," - აღნიშნა მან.

შალვა ოგბაიძის თქმით, თბილისში საცობების განმუხტვა მუნიციპალური და კომერციული ტრანსპორტის გამიჯვნით, ტაქსების რეგულაციით, ტექდათვალიერების შემოღებითა და მართვის მოწმობის აღების სისტემაში ცვლილებებით უნდა მოხდეს.

"პრობლემა ასევე არის ურბანული ვანდალიზმით განხორციელებული განაშენიანება, რაც ძირითადად დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში სკვერების, საცხოვრებელი სახლებისა და ტროტუარების ხარჯზე ხდებოდა. ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითი, თუნდაც გერმანელების მიერ კარგად და გამართულად დამონტაჟებული შუქნიშანი, რომელმაც მოძრაობა მაინც ვერ განმუხტა, რადგან არ შეიძლება, საცობს შუქნიშნით ვებრძოლოთ," - განმარტა საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა.

თბილისში გარკვეულ ადგილებში, საცობების დროს ჰაერის დაბინძურება ზღვრულ ნორმაზე გადაჭარბებულია

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის თქმით, 2013 წლიდან ახალი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტენდენცია არ შეინიშნება, სამაგიეროდ, ყოველწლიურად ავტომობილების, საცხოვრებელი და კომერციული ფართების რაოდენობა იმატებს, რაც საცობების წარმოქმნას უწყობს ხელს.

 "მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შეუსაბამობაა საგზაო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობასთან.

სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა, რომელმაც მოძრაობა განტვირთა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მაგალითად, მარშალ გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დაკავშირება ხიდითა და შესაბამისი ესტაკადებით უნდა მოხდეს, ასევე თამარაშვილის ქუჩისა და უნივერსიტეტის კვეთაზე მოძრაობა ორ დონეზე უნდა მოეწყოს," - აღნიშნავს, ის.

დარგის სპეციალისტების თქმით, საცობების განმუხტვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სატრანსპროტო სისტემის მოწესრიგებითაა შესაძლებელი, რადგან უკეთესი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში, მოსახლეობის ნაწილი კერძო ავტომობილებით გადაადგილებაზე უარს იტყვის.

მარიამ მენაბდიშვილი

 

myquiz