როგორ იღებენ უცხოელები საქართველოში თავშესაფარს | Allnews.Ge

როგორ იღებენ უცხოელები საქართველოში თავშესაფარს

საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით დევნილთა სამინისტროს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები მიმართავენ, თუმცა ბოლო წლებში მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თავშესაფრის მოთხოვნით უწყებას მომართეს ერაყიდან, უკრაინიდან, სირიიდან, რუსეთიდან.

რა პროცედურებს მოიცავს საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნა, რამდენმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი და რა შემთხვევაში იღებენ ისინი მოთხოვნაზე უარს, Allnews.ge-ი მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსს, ირაკლი ლომიძეს ესაუბრა.

-თავშესაფრის მაძიებელი პირი არის უცხო ქვეყნის ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში მოითხოვს თავშესაფარს. ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარულის სტატუსს.

-რას გულისხმობს ლტოლვილის და ჰუმანიტარულის სტატუსი?

-ლტოლვილის სტატუსი განსაზღვრულია 1951 წლის ჟენევის კონვენციით, რომლის მიხედვითაც, პირი უნდა იდევნებოდეს თავის ქვეყანაში 5 ნიშნით - რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების, სოციალური ჯგუფის წევრობის ან ეროვნების გამო. ხოლო ჰუმანიტარულის სტატუსი მიენიჭება იმ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობის გამო, თუ მაგალითად მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, ან თუ პირს თავის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრება საფრთხე, ამ შემთხვევაში ენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი.

გერმანიაში ქართველებმა თავშესაფარი შესაძლოა, ვეღარ მიიღონ

-რა პროცედურებს გულისხმობს სტატუსის მინიჭება?

-ჩვენს თანამშრომლებს სტატუსის დადგენის სპეციალისტები ჰქვიათ. პირველ რიგში ტარდება ანკეტირება, რომ პირისგან პირველადი ინფორმაცია მივიღოთ, ამ ანკეტის საფუძველზე მზადდება დიდი კითხვარი და ტარდება გასაუბრება, კონკრეტულად იმ პრობლემების შესახებ, რის გამოც პირი ჩვენს ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვს. გასაუბრების შემდეგ იწერება დასკვნა და სტატუსის დადგენის სპეციალისტი თავად აფასებს, საჭიეროებს თუ არა პირი ამა თუ იმ სტატუსის მინიჭებას.

-თავშესაფრის მაძიებელ პირებს ძირითადად რომელი სტატუსი ენიჭებათ ხოლმე?

-ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, დაახლოებით 80%-ს ჰუმანიტარულის სტატუსი ენიჭება.

-სტატუსის მინიჭების შემდეგ რისი უფლება აქვს პირს, რა უპირატესობით სარგებლობს?

-იმ შემთხვევაში, თუ პირს მიენიჭება სტატუსი, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა ყოველთვიური 45-ლარიანი დახმარება. ასევე, ეს პირები ჩართულები არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სულ ახლახან გადაწყდა, რომ მათ ბენეფიციარებად ჩავთვლით პროფესიული გადამზადების კურსებზე. თავშესაფარი როგორც ასეთი, სტატუსის მქონე პირებისთვის არ გაგვაჩნია. სოფელ მარტყოფში არის დროებითი განსახლების ორი კორპუსი, იმ პირებისთვის, ვის საქმესაც იკვლევენ.

-ჰუმანიტარულის ან ლტოლვილის სტატუსი დროებითია თუ მუდმივი?

-ლტოლვილის სტატუსი, ფაქტობრივად უვადო სტატუსია, მაგრამ უვადო იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ისარგებლოს ამ სტატუსით. თუკი მის ქვეყანაში არსებული გარემოება, რის საფუძველზეც მიენიჭა ეს სტატუსი, შეიცვლება, ჩვენი დეპარტამენტი მსჯელობს სტატუსის შეწყვეტაზე ან გაუქმებაზე.

რა ბედით ელით გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს

რაც შეეხება ჰუმანიტარულის სტატუსს, ეს ყოველ წელიწადს გადაიხედება ხოლმე, კვლავ არსებობს თუ არა ის გარემოებები, რის გამოც მიენიჭათ ეს სტატუსი და თუ მდგომარეობა კვლავ რთულია იმ კონკრეტულ ქვეყანაში, სტატუსი კიდევ ერთი წლით გაუგრძელდება პირს. ხოლო თუ მან საქართველოში დარჩენა მოისურვა, ჩვენი სტატუსის საფუძველზე კი მოიპოვებს ბინადრობის ნებართვას, მაგრამ საქართველოში სხვა საფუძველზეც შეიძლება ბინადრობის ნებართვის მოპოვება.

-თუ პირს სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს, ამ შემთხვევაში ქვეყანა უნდა დატოვოს?

-პირველ რიგში, მას შეუძლია გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივროს, თუ ორივე ინსტანციამ უარი უთხრა, პირს ყველანაირი სტატუსის მინიჭებაზე და ქვეყანაში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მან უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

-ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ თავშესაფარს და როგორია სტატისტიკა?

-ტენდენცია იცვლება, მაგალითად 2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, ყველაზე მეტმა, ერაყის მოქალაქეებმა მოგვმართეს. 2014 წლის მეორე ნახევრიდან უკრაინის მოქალაქეები დაემატა, ისინი, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები სამხედრო მოქმედებების გამო დატოვეს. ბოლო პერიოდში გააქტიურებულია მომართვები აფრიკული ქვეყნებიდან, ასევე ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, პაკისტანიდან და ა.შ.

სტატისტიკა კი ასეთი გვაქვს, 2010 წლიდან დღემდე თავშესაფრის მაძიებელ 5500 პირს აქვს მომართული. 2016 წელს სტატუსის მინიჭებაზე დადებითი პასუხი 56%-მა მიიღო, 2015 წელს კი 77%-მა.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz