დემურ სტურუას დედის თქმით, ნამდვილი დამნაშავე შესაძლოა, თავისუფალი იყოს | Allnews.Ge

დემურ სტურუას დედის თქმით, ნამდვილი დამნაშავე შესაძლოა, თავისუფალი იყოს

გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ნონა ჯოჯუას განცხადებით, შესაძლოა, მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულო იყოს.

როგორც ნონა ჯოჯუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნამდვილი დამნაშავე შეიძლება თავისუფალი იყოს.

"არჩევნებისთვის ყველამ გამომიყენა და ყველა წავიდა თავის გზით. არავის არ აინტერესებს უკვე არაფერი. სასამართლოებიც უმიზეზოდ რამდენჯერმე გადაიდო. ამბობენ, გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელიო, მაშინ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელი გარეთ, თავისუფალი დადის. ვიღაცები მაშინებენ და ამის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის შედეგები. ვფიქრობ იმასაც, რომ გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლია, ამიტომ დღესაც შიშის ქვეშ ვარ" , - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.

სამტრედიაში სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

myquiz