საქართველოში ძუძუს კიბოთი დაავადებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა | Allnews.Ge

საქართველოში ძუძუს კიბოთი დაავადებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა

საქართველოში 2015 წელს, ძუძუს კიბოს 1 838 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სტატისტიკა.

მკერდის კიბო არ არის მხოლოდ სამედიცინო პრობლემა, როგორც მამოლოგმა, ირაკლი კოხრეიძემ რადიო "პალიტრას" განუმარტა, სარძევე ჯირკვლების კიბო სოციალური პრობლემაცაა და ბოლო დროს ძუძუს კიბოთი დაავადებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა.

"დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მე-8 ქალი ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკის ქვეშ იმყოფება. აუცილებელია დაავადების ყველაზე ნაადრევი სიმპტომის, სარძევე ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში, ქალი არ ჩავარდეს პანიკაში და მიმართოს ექიმს. რადგან კვანძოვანი წარმონაქმნის 79% არის კეთილთვისებიანი", - ამბობს ირაკლი კოხრეიძე.

მამოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვანია რეგულარული კონტროლის ქვეშ იყვნენ ისეთი ქალბატონები, რომელთა ნათესავებს, დედას, ბებიასა და ა.შ, როგორც დედის, ისე მამის ხაზით ჰქონდათ მსგავსი პრობლემა, რადგან მათ აქვთ მაღალი რისკი მემკვიდრული კიბოს განვითარებისა.

სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი - რა უნდა გავაკეთოთ კიბოს პრევენციისთვის

2011 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში ფუნქციონირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 40-70 წლის ქალების გამოკვლევას. გასულ წელს აღნიშნული პროგრამით 39 000 ქალმა ისარგებლა.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა აცხადებს, რომ მომართვიანობა არამარტო ძუძუს, არამედ ყველა კომპონენტში ყოველწლიურად იმატებს, რადგან სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მატერიალურად სრულად ხელმისაწვდომია. პროფესორის განმარტებით, რაც პროგრამა ამოქმედდა, ძუძუს კიბოს ნაადრევ სტადიაში აღმოჩენა 3-ჯერ გაიზარდა.

"ყოველწლიურად იზრდება კვლევებზე ხელმისაწვდომობა. პათოლოგიის არ აღმოჩენის შემთხვევაში 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო, თუ კი ექიმი გარკვეულ ცვლილებებს შენიშნავს, ვიზიტი შესაძლებელია უფრო ხშირად განხორციელდეს", - განმარტავს რემა ღვამიჩავა.

ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინა დარახველიძის განმარტებით კი, პრევენციული ღონისძიებები პირველადი ჯანდაცვის პრეროგატივაა, რომელსაც ოჯახის ექიმი ახორციელებს, რაც ზოგადი საგანმანათლებლო მუშაობისა და პერიოდული გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობას გულისხმობს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სკრინინგის ჩატარებაა.

ბრიტანეთში, კიბოსთან ბრძოლის ახალი სამედიცინო საშუალება აღმოაჩინეს

როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, ყველა ქალბატონს, რომელიც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შეუძლია გამოიყენოს ის საკუთარი დაავადების მკურნალობისთვის:

"ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, საყოველთაო ჯანდაცვა გთავაზობს როგორც ქიმიოთერაპიას, ისე სხივურ თერაპიასა და ჰორმონოთერაპიას, დაავადებასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და მედიკამენტებს, ქირურგიულ ოპერაციებს".

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიზნით, 2006 წელს საქართველოში კოალიცია დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს ორ ორგანიზაციას, "ევროპა დონა საქართველოსა" და "კიბოს კვლევით ჯგუფს". "ევროპა დონას" პრეზიდენტის, ანა მაზანიშვილის განმარტებით, ორგანიზაციის მიზანი მკერდის კიბოს შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების მაღლებაა. მისივე თქმით, ორგანიზაცია პაციენტებს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს.

"პაციენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ, რადგან ყველაზე რთულია ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება. ჩვენ ვეხმარებით ქალბატონებს დიაგნოზის დადგენის შემდეგ გააგრძელონ სრულფასოვანი ცხოვრება. ასევე გვაქვს ფონდი, რომლის მეშვეობითაც ფინანსურადაც ვეხმარებით პაციენტებს", -აცხადებს ანა მაზანიშვილი

"ევროპა დონას" პრეზიდენტი ყველა ქალბატონს, ასაკის მიუხედავად, მოუწოდებს, რომ წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ გამოკვლევები, რათა ძუძუს კიბოს გამოვლენა ადრეულ ეტაპზევე მოხდეს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, ძუძუს კიბოს 1 მლნ 250 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მკერდის კიბო, სიკვდილის გამომწვევი დაავადებების მიხედვით, მეხუთე ადგილზეა.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz