სამედიცინო კვლევები, რომლებიც ყოველ წელს უნდა ჩავიტაროთ | Allnews.Ge

სამედიცინო კვლევები, რომლებიც ყოველ წელს უნდა ჩავიტაროთ

დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, პერიოდულად, ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გამოვიკვლიოთ, რაც, მედიკოსების თქმით, სასურველია წელიწადში ორჯერ მოხდეს.

კონკრეტულად, რა ტიპის გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ და რა დადებითი მხარეები აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულად გადამოწმებას, ამის შესახებ Allnews.ge  თერაპევტ, სოფო ჩხეიძეს ესაუბრა.

თერაპევტის თქმით, სასურველია, წელიწადში ორჯერ სისხლის საერთო, შარდისა და გლუკოზის ანალიზი ჩავიტაროთ.

"სისხლის საერთო ანალიზი ძალიან გავრცელებული და საჭირო კვლევაა, რომელსაც როგორც ბევრი მწვავე, ასევე სხვა დაავადებებთან არსებული ინფორმაცია შეუძლია მოგვაწოდოს. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებისა შესახებ, თუმცა აღნიშნული ანალიზი, რასაკვირველია, ამომწურავი ინფორმაციის წყარო არ არის. შარდის ანალიზი კი ინფორმაციას საშარდე სისტემის შესახებ გვაწვდის. ესენი ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი კვლევებია, რომლებიც უმრავლესი დაავადებების თავიდან აცილების მიზნით უნდა ჩატარდეს." - განმარტა სოფო ჩხეიძემ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ უფასო სკრინინგ პროგრამის პირობებში, სასურველია, საშვილოსნოსა და პროსტატის გამოკვლევაც მოხდეს, რაც მძიმე დაავადებების პრევენციისთვის კარგი საშუალებაა.

სოფო ჩხეიძემ ბავშვებისთვის გამოკვლევებისა და ანალიზების ჩატარების ინტენსივობასა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ახალშობილი პირველი ოთხი თვის განმავლობაში პედიატრთან ვიზიტზე ყოველთვიურად უნდა მივიყვანოთ, რადგანაც საქმე კალენდარულ აცრებთან გვაქვს.

"პედიატრს 12 თვემდე ასაკის ბავშვთან უფრო ინტენსიური ურთიერთობა აქვს და ეს მინიმუმ ხუთჯერადი ვიზიტით უნდა განისაზღვრებოდეს. 18 თვიდან და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ, გადამოწმების მიზნით, სასურველია, სისხლის საერთო და შარდის ანალიზები გაკეთდეს, თუმცა, ეს ოჯახის ექიმის გადასაწყვეტია," - აღნიშნა თერაპევტმა.

სოფო ჩხეიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, პროფილაქტიკის მიზნით, მომართვიანობა გაიზარდა, რაც როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ასევე საზოგადოების ცნობიერების ზრდისა და ინფორმაციულობის შედეგიცაა.

რაც შეეხება ტარიფებს, დაზღვევის, სხვადასხვა პაკეტის შეძენისა და ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომსახურებაზე ფასები განსხვავდება, თუმცა ძირითადი გამოკვლევები ხელმისაწვდომია.

მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი დაახლოებით, 15 ლარი, შარდის საერთო ანალიზი 11 და გლუკოზის ანალიზი 8 ლარი დაგიჯდებათ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz