25.10.2016 / 10:26
შრიფტის ზომა:

რატომ არის საფრთხის შემცველი მოზარდთა ორსულობა და აბორტი

გაეროს მოსახლეობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოზარდთა ორსულობის მაჩვენებელი სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში (ცალკეულ ქვეყნებში კი - ექვსჯერ უფრო ხშირია).

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებადე დაქორწინდა, რაც არასრულწლოვანთა მიერ სკოლების მიტოვებას, პროფესიული თვალსაზრისით განვითარების შეწყვეტასა და ზოგადად, ჩამორჩენას იწვევს.

არასრულწლოვანთა დაქორწინებისა და ორსულობის რისკებისა და საფრთხეების შესახებ Allnews.ge გენდერის სპეციალისტსა და მეან-გინეკოლოგს ესაუბრა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის გენდერის სპეციალისტის, მამუკა გაჩეჩელაძის თქმით, ნაადრევი ქორწინებისა და ორსულობისგან არასრულწლოვანთა დაცვა სკოლის ასაკიდან რეპროდუქციული განათლების მიღებითა და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებით შესაძლებელია, რაც ხელისუფლების მოვალეობაა.

"ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, საქართველოში 2018 წლიდან იმ კანონის ამოქმედება იგეგმება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანთა ქორწინება დასჯადი გახდება. თუმცა, მთავარი პრობლემაა მისი რეგისტრაციაა. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება სწორედ იმ უარყოფით შედეგებზე, რაც ნაადრევ ქორწინებასა და ორსულობას მოყვება. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, არასრულწლოვან დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 70%-ს აღწევს, რაც ნაადრევ ქორწინებასთან პირდაპირ კავშირშია", - აღნიშნავს სპეციალისტი.

ზიმბაბვეში 18 წლამდე მოზარდების ქორწინება აიკრძალა

"ჩაჩავას კლინიკის" მეან-გინეკოლოგი, მაკა ჩიქოვანი იმ რისკებსა და შედეგებზე საუბრობს, რაც მოზარდთა ორსულობას თან სდევს.

"მოზარდებში ორსულობამდე და ორსულობის შემდეგ სისხლდენის რისკი იზრდება, რადგან საშვილოსნო ჯერ შესაბამისი ზომის არ არის და ეს მშობიარობასთან გამკლავების პრობლემებს ზრდის, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მოზარდ დედებში სიკვდილობა უფრო მაღალია," - მედიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ საფრთხე ნაყოფსაც ექმნება.

"მძიმე ბავშვობა მქონდა, ვფიქრობდი გათხოვებით პრობლემები მოგვარდებოდა" - ქართველი არასრულწლოვანი დედების გამოცდილება

"ნაყოფი არის მცირე ზომის და განვითარებისთვის სასურველი მიკრო ორგანიზმები ნაკლებად მიეწოდება და რადგანაც დედა ჯერ კიდევ ზრდადია, რის გამოც, ბავშვის განვითარების შეფერხება უფრო ხშირია. როდესაც ნაყოფს ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნის დროს შესაბამისი რაოდენობის მინერალები არ მიეწოდება და მისი განვითარება ფერხდება, ამან შესაძლოა, ფატალური შედეგიც გამოიწვიოს საშვილოსნოში ან მშობიარობის პერიოდში", - განმარტა მან.

მაკა ჩიქოვანმა ხაზი არასრულწლოვანებში აბორტის საფრთხეებსაც გაუსვა.

მისი თქმით, აბორტი მიზანშეწონილი განსაკუთრებით მოზარდებში არ არის.

"ზოგადად აბორტი არც მოზარდის და არც მოზრდილის ორგანიზმისთვის არ არის სასურველი, განსკუთრებით, მიზანშეწონილი არასრულწლოვნისთვის არ არის, რადგან თან მთელი რიგი გართულებები ახლავს და იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აბორტს არალეგალურად იკეთებს, ხშირია საშვილოსნოს ტრავმები და აღმავალი ინფექციების განვითარების საფრთხე," - აღნიშნა მეან-გინეკოლოგმა.

პოლონეთის პარლამენტმა აბორტის სრული აკრძალვის კანონმდებლობას მხარი არ დაუჭირა

გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისა, ახალგაზრდა დედებს ტრადიციული გენდერული როლები აიძულებს უარი თქვან პროფესიულ კარიერაზე. მათ უჭირთ სამუშაოსა და შვილების აღზრდის შეთავსება, ვინაიდან დეკრეტული შვებულება და ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობები არადამაკმაყოფილებელია.

მარიამ მენაბდიშვილი