რა მოხდა "კრწანისის" ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან და რა კომენტარს აკეთებენ გარდაცვლილის მშობლები | Allnews.Ge

რა მოხდა "კრწანისის" ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან და რა კომენტარს აკეთებენ გარდაცვლილის მშობლები

"კრწანისის" ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

ამასთან, გარდაცვლილის დედა ელზა შენგელია დარწმუნებულია, რომ მის შვილს იარაღი არ ექნებოდა.

"ქათმის დაკვლის რომ ეშინოდა, ისეთ კაცს რა იარაღი უნდა ჰქონოდა? ჩემს მეორე შვილს ველაპარაკე, ვიღაც გოგოსთან შესახვედრად წავიდაო და მალე დაგელაპარაკებაო, ნუ გეშინიაო. სამხედროში რა უნდოდა? - არანაირი ვერსია არ გვაქვს. ან ის გუშაგი ვინ იდგა? - ისე დაეჭირათ, ციხეში ჩაესვათ", - განაცხადა ელზა შენგელიამ.

"კრწანისის" ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ძმა კრწანისის ბაზაზე მსახურობდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი შენგელიას ნათესავმა ციცო ბასილაიამ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი გიორგი შენგელია უაღრესად პატიოსანი იყო და მას იარაღი არასდროს ჰქონია.

უაღრესად პატიოსანი ბავშვი იყო, სხვა დამატებით არანაირი ინფორმაცია არ ვიცით. იარაღი არასდროს ჰქონია

"კრწანისში" მისი ძმა მსახურობდა, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა. გავრცელებული ვერსიის არ გვჯერა და ვაპირებთ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება", - განაცხადა ციცო ბასილაიამ.

არაოფიციალური ინფორმაციით, იმ ორი პირიდან, რომელმაც გუშაგის მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ გაქცევა მოახერხა, ერთ-ერთი სწორედ გარდაცვლილი შენგელიას ძმაა.

ოჯახის წევრების ინფორმაციის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დგილი ჰქონდა ცენტრში უკანონოდ შეჭრას.

"3 პიროვნება ცდილობდა უკანონოდ შეჭრილოყო, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება გუშაგისგან. კერძოდ, მან ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ როდესაც უკვე თავდასხმის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰაერშიც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა"

თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა იარაღი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

myquiz