საარჩევნო უბნების მახლობლად პოლიცია პატრულირებას ახორციელებს | Allnews.Ge

საარჩევნო უბნების მახლობლად პოლიცია პატრულირებას ახორციელებს

იმ საარჩევნო უბნების ახლომდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს განმეორებითი არჩევნები ტარდება, პოლიცია პატრულირებას ახორციელებს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, უბნების შორიახლოს პოლიციელთა რაოდენობა იმის პროპორციული იქნება, რა საჭიროებაც იარსებებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ განმეორებითი არჩევნების დღე მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და პარტიების წარმომადგენლები თავშეკავებულად მოქმედების აუცილებლობას გააცნობიერებენ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, დამატებითი ძალების მობილიზებას მოვახდენთ კონკრეტულ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, თუმცა, პოლიციელთა რაოდენობა უბნის სიახლოვეს იქნება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე. პოლიციელები იქნებიან თვალსაჩინო რაოდენობით, მაგრამ არა იმდენი, რომ შემდგომში იყოს სპეკულაციები, თითქოს ვითარებას პოლიცია აკონტროლებდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა თავშეკავებულად იმოქმედონ. ჩვენ მათთან გვექნება კომუნიკაცია, ისევე, როგორც ეს არჩევნების დროს გვქონდა. ვფიქრობ, ისინიც ამას გააცნობიერებენ და არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. თუმცა, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის მზად ვართ", - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ხუციშვილმა.

myquiz