რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველი ემიგრანტები | Allnews.Ge

რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველი ემიგრანტები

საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებულთა რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გართულებასთან ერთად წლიდან წლამდე იზრდებოდა. განსაკუთრებული ბუმი 90-იან წლებში შეინიშნებოდა.

Allnews.ge დაინტერესდა, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილია უცხოეთში ემიგრირებული და მათ შორის ყველაზე დიდი დიასპორა რომელ ქვეყნებშია წარმოდგენილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ქვეყნიდან ემიგრირებულთა რაოდენობა 95 965-ს შეადგენს, რომელთა შორის, 55 817 მამაკაცი და 40 148 ქალი იყო.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ემიგრანტებად წასული საქართველოს მოქალაეები არიან, 2015 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს 6 160 მოქალაქით, მეორე ადგილზე თურქეთია 3 631 ემიგრანტით, მესამე კი სომხეთი, სადაც საქართველოდან ემიგრირებულთა რიცხვი 3 331-ს შეადგენს.

"2003 წელს, ხელისუფლების შეცვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შემდეგ, 2004-05 წლებში ქვეყანაში 76 000 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა," - განმარტა საქსტატის წარმომადგენელმა, პაატა შავიშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოდან 88 704 მოქალაქის გადინება მოხდა. ამ წელსაც უცხოეთის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაცია გავიდა 5 424 მოქალაქით, შემდეგ თურქეთი 2 395 ემიგრანტით და ბოლოს სომხეთი 2 821 ადამიანით.

2013 წელს ემიგრანტთა რაოდენობა 95 064 იყო, 2012 წელს კი - 90 584.

პაატა შავიშვილის შეფასებით, ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების პიკმა 1995-96 წლებში მიაღწია.

"მაგალითად 1992-94 წლებში მიგრაციის სალდო - 130 000 იყო, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი გადიოდა, ვიდრე შემოდიოდა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში მოსახლეობის გადინების ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან დიდია არალეგალური მიგრაცია," -აღნიშნა საქსტატის წარმომადგენელმა.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის აღწერის შედეგად, დაახლოებით 88 000 ემიგრანტი დაფიქსირდა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz