რომის პაპის ვიზიტი პირდაპირ ეთერში | Allnews.Ge

რომის პაპის ვიზიტი პირდაპირ ეთერში

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მთავრობის ცალკეული წევრები დახვდნენ.

დღეს რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.

რომის პაპს აეროპორტის გზაზე მართლმადიდებელთა ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა. აქციის მონაწილეებმა პაპის ესკორტი შეძახილებით: "წყეულო", "ეშმაკისეულო" გააცილეს.

მათი შეფასებით, პაპი საქართველოში სამოციქულო ვიზიტით ჩამოდის.

"ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ პაპი ჩამოდის სულიერი, სამოციქულო მისიით იმისათვის, რომ იქადაგოს რაც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის მიუღებელია. ეწევა პროზელიტურ საქმიანობას, ატარებს მესას სტადიონზე, უნდა შესვლა სვეტიცხოველში", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

მისივე თქმით, პაპი შეეცდება, რომ ეკლესიურად გაუნათლებელი მართლმადიდებელი ადამიანები გადაიბიროს.

myquiz