რომის პაპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პატრიარქი დახვდებიან | Allnews.Ge

რომის პაპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პატრიარქი დახვდებიან

რომის პაპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დახვდებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.

1 ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათავალიერებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპის ორდღიანი ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.

აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა.

2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

myquiz