რატომ გაჭიანურდა ველობილიკების მოწყობა ? | Allnews.Ge

რატომ გაჭიანურდა ველობილიკების მოწყობა ?

თბილისში ველობილიკების მოწყობის ვადები ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. როგორც ALLNEWS.GE-ს მერიაში უთხრეს, თემა არ დაძრულა და ამ მიმართულებით ჯერ ახალი არაფერია.

ამ საკითხზე განცხადებები მერიაში, ჯერ კიდევ, მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, თებერვალში კეთდებოდა.

როგორც მაშინ მერიის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსმა, ვახტანგ ჯოხაძემ ALLNEWS.GE-სთან საუბარში განაცხადა, "პროექტი კონცეფციის დონეზე არსებობს. ამ ეტაპზე პირველი საპილოტე მარშრუტის წინასაპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაზე მიმდინარეობს მუშაობა, საიდანაც პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი და ვადები განისაზღვრება".

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კი, ველობილიკების განვითარება თბილისის გენერალურ გეგმაში უნდა ჩადებულიყო.

მისივე თქმით, მზიურისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ველობილიკების განვითარება იმ დროისთვის უკვე დასრულებულ - ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციაშიც იყო გათვალისწინებული.

"მდინარე ვერეს ხეობაში ველობილიკების განვითარების კონცეპტუალური ნაწილი უკვე შემუშავებულია და ახლა მიმდინარეობს კონცეფტულური ნაწილის საპროექტო ნაწილში გადატანა", -აღნიშნა ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ALLNEWS.GE საქართველოში ფრანგული კომპანია "სმუვის" წარმომადგენელსაც ესაუბრა, რომელიც გაზაფხულზე ამბობდა, რომ წლის ბოლომდე თბილისში ველობილიკები გაკეთდებოდა.

როგორც საქართველოში "სმუვის" წარმომადგენელმა, თეიმურაზ შარვაშიძემ, ALLNEWS.GE-ს დღეს უთხრა, საფრანგეთიდან კომპანიის წარმომადგენლები მერიასთან შესახვედრად და შესათანხმებლად არჩევნების შემდეგ ჩამოვლენ.

"შეთანხმება არაა მიღწეული. ამ თემაზე საუბარი რამდენიმე კომპანიასთან მიდის. ერთ-ერთი კომპანია ჩვენია, რომელიც ცდილობს მერიას საკუთარი წინადადებები შესთავაზოს. საუბარია, ძირითადად, ცენტრალურ უბნებში, სტუდენტურ ქალაქებსა და ტურისტულ ზონებში (რუსთაველი, ჭავჭავაძე, თავისუფლება და ა.შ.) ველობილიკების მოწყობაზე",-აღნიშნა შარვაშიძემ.

მას უჭირს იმაზე საუბარი თუ რატომ გაჭიანურდა პროცესი, თუმცა სავარაუდო მიზეზებად თემის შესწავლასა და მეტი კლიენტის მოძიებას ასახელებს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, ველოქსელის ძირითად მარშრუტებში სამი უბანი გამოიყო:

1.ვაჟა ფშაველას გამზირი - ქავთარაძის ქუჩა - ყაზბეგის გამზირი - პეკინის გამზირი

2. ჭავჭავაძის გამზირი - მელიქიშვლის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედანი - პუშკინის ქუჩა - შავთელის ქუჩა - ერეკლე მე2-ს ქუჩა.

3. ზაარბრიუკენის მოედანი - აღმაშენებლის გამზირი.

თაია არდოტელი

myquiz