საქართველოს რომის პაპი ეწვევა | Allnews.Ge

საქართველოს რომის პაპი ეწვევა

საქართველოს დღეს რომის პაპი ფრანცისკე ეწვევა. რომის პაპი თბილისში რამდენიმე საათში ჩამოვა. აეროპორტიდან პაპი ფრანცისკე ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს შეხვედრას.

ვიზიტის ფარგლებში დღესვე დაგეგმილია აუდიენცია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსთან, რის შემდეგაც რომის პაპს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს.

საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს პაპი ფრანცისკე ასირიელ-ქალდეურ საზოგადოებასთან შეხვედრით დაასრულებს, ხვალ კი, დაგეგმილია მესა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ხვალვე რომის პაპი საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდება, მოგვიანებით კი მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.

საპატრიარქო აცხადებს, რომ რომის პაპი საქართველოში მისი უწმინდესობის მოწვევით ჩამოდის და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

საქართველოს საპატრიარქო ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებებს.

"როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით, ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I, თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენსა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ მონაწილეობენ მათ მსახურებაში. ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

myquiz