ვინ და როგორ ადგენს ფარული ჩანაწერების აუთენტურობას | Allnews.Ge

ვინ და როგორ ადგენს ფარული ჩანაწერების აუთენტურობას

ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელება, როგორც კომპრომატი პოლიტიკურ ოპონენტებზე, თითქმის, 15 წელია ქართული პოლიტიკის ორგანულ ნაწილად იქცა. ჩანაწერების აუთენტურობას შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო ადგენს.

სამხარაულის ბიურო კვლევას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებითა და სპეციალისტების დაკვირვებით აწარმოებს. დარგის ექსპერტის თქმით, მასალა ჯერ კომპიუტერული სისტემების მეშვეობით მოწმდება, შემდეგ  სპეციალისტი აკვირდება და საბოლოო დასკვნა მას გამოაქვს.

"კვლევის პროცესი როგორც პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით, ასევე ვიდეოჩანაწერის ვიზუალური დათვალიერებითა და აუდიოჩანაწერის მოსმენით მიმდინარეობს. თანამედროვე ტექნოლოგიები ვიდეო ან აუდიოჩანაწერში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების ვიზუალურად დანახვის საშუალებას გვაძლევს," - განმარტავს ბიუროს ვიდეო ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ლაშა ამბროლაძე.

ინტერნეტში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

სპეციალისტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის შექმნის დრო, ციფრული აპარატურის მეშვეობით აღნიშნული არ არის, ტექნიკის გამოყენებით ამის დადგენა შეუძლებელია. "თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამის დადგენა უკვე რთულდება, ასე რომ მასალაზე დრო მითითებული უნდა იყოს," -აღნიშნა ექსპერტმა.

ფარული ჩანაწერები, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის, ლაშა პატარაიას თქმით, კიბერუსაფრთხოების დარგში საქართველო საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

"ტექნოლოგიური ფაქტორი დღეს ერთ-ერთი უმთავრესია.

ყველა მოწინააღმდეგემ, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურმა ჩვენი მოწყვლადი, ყველაზე სუსტი ადგილი კარგად იცის.

როგორც წესი, ისინი გარკვეულ მეთოდებს სწორედ იქ იყენებენ, სადაც ჩვენ ნაკლებად ვართ განვითარებულები. უფრო კლასიკური მეთოდები, რომლებიც სადაზვერვო სფეროში მუშაობდა, უკვე ნაკლებად ეფექტურია, იმიტომ რომ ამის წინააღმდეგ გარკვეული გამოცდილება როგორც ქვეყანას გვაქვს.  რაც შეეხება სიახლეს, ცნობილია, ვხედავთ, ვგრძნობთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, რაც ეხება კიბერუსაფრთხოებას, ძლიერები არ ვართ," - განმარტა ლაშა პატარაიამ.

რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე რეაგირებას, გამოჩენისთანავე გავრცელების წყაროს გათიშვა ან მასალის წაშლა ხდება, თუმცა პატარაიას თქმით, თავის დასაცავად ეს საკმარისი არ არის.

ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნება

ბოლო დროს გავრცელებულ ჩანაწერში, რომლის აუთენტურობის შესამოწმებლად ექსპერტიზა უკვე დაინიშნა, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტზე ამჟამად მოკვლევა მიმდინარეობს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz