როგორ ვებრძოლოთ ჭარბწონიანობას და რა საფრთხეს გვიქმნის სიმსუქნე? - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა წონის მატებაზე საუბრობს | Allnews.Ge

როგორ ვებრძოლოთ ჭარბწონიანობას და რა საფრთხეს გვიქმნის სიმსუქნე? - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა წონის მატებაზე საუბრობს

ჭარბწონიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, სამწუხაროდ გამონაკლისი არც საქართველოა. მედიკოსებმა უკვე უწოდეს სიმსუქნეს ავადმყოფობა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. აღსანიშნავია, რომ ჭარბწონიანობა გვხდება არა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, არამედ ბავშვებშიც.

რა დაავადებებს იწვევს წონის მატება და როგორ ავირიდოთ თავიდან ჭარბწონიანობა, Allnews.ge ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.

-სხეულის მასის ინდექსის მიხედვით, არსებობს სიმსუქნის რამდენიმე ხარისხი. კერძოდ ეს არის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის სიმსუქნე, ცალკეა ჭარბი წონა. ადამიანის სხეულის მასის ინდექსი ინდივიდუალურია, თუმცა სტანდარტული ფორმულით ის გამოითვლება - სხეულის წონა შეფარდებული სიმაღლის მეტრ-კვადრატთან. სწორედ ამის მიხედვით ისმევა დიაგნოზი, საქმე გვაქვს ჭარბ წონასთან თუ სიმსუქნის რომელიმე ხარისხთან. ჭარბი წონა ორგანიზმის მდგომარეობაა, ხოლო სიმსუქნე უკვე დაავადებაა, რომელსაც სჭირდება კომლექსური მკურნალობა.

რომელ კერძს მიირთმევენ საქართველოში ყველაზე ხშირად

-რა არის ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზი?

-პირველ რიგში ეს არის კვება, ამას გარდა მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევა. შესაძლოა მიზეზი იყოს გენეტიკური ფაქტორიც, რადგან გენეტიკა ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს განსაზღვრავს. თუმცა, გენეტიკური ფაქტორი იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გამოვლინდეს ესა თუ ის დაავადება. ბოლო წლებში სიმსუქნის მომრავლება მთელ მსოფლიოში ჰიპერმარკეტებისა და სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლეს უკავშირდება.

-რა დაავადებებს იწვევს წონის მატება, იქნება ეს ჭარბი წონა თუ სიმსუქნე?

-წონის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ბევრი დაავადება, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა, ასევე კუჭ-ნაწლავის, შეიძლება გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ყველაზე ხშირად კი მოსალოდნელია მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარება, რაც ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი უკვე მოზარდებში და ბავშვებშიც ვლინდება.

რაც შეეხება ჭარბი წონის ზოგად სიმპტომებს, ეს არის უჰაერობა, უძილობა, გულის კუნთის მუშაობის უკმარისობა, არტერიული წნევების ცვალებადობა და ა.შ.

-როგორია ამ მხრივ მდგომარეობა მოზარდებში?

-სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ჭარბწონიანობამ ბავშვებშიც იმატა. ეს კი საბოლოო ჯამში მოქმედებს მათ ზრდა-განვითარებაზე. ამიტომ პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ უკვე ბავშვობის ასაკიდანვე. დაბადებიდანვე კვება უნდა იყოს დაცული, რათა მოზარდობისას ამ პრობლემამ არ შეაწუხოს ადამიანი.

-როგორია ჭარბწონიანობის სტატისტიკა საქართველოში?

-2011-2012 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები მამაკაცების 37% არის ჭარბწონიანი ან სიმსუქნით დაავადებული, რაც შეეხება ქალებს,  მათი რაოდენობა 39%-ს უტოლდება. მართალია დიდი განსხვავება არ არის, თუმცა მანდილოსნები ჭარბობენ მამაკაცებს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკურ აქტივობასთან, ვინაიდან მამაკაცები უფრო მეტად ფიზიკური სამსახურით არიან დატვირთული, ხოლო ქალები საოფისე სამსახურებით, რაც მათ ფიზიკურად ნაკლებ ატიურებს ხდის.

-როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭარბწონიანობას, სანამ შედეგი სავალალო გახდება?

-აუცილებელია დღის განმავლობაში კვება იყოს რაციონალურად დაბალანსებული, რომ ჩვენს ორგანიზმში ყველა საკვები ნივთიერება შევიდეს - ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და რაც მთავარია წყალი. უნდა შევზღუდოთ რაფინირებული შაქრის და მარილის გამოყენება. დღის განამვლობაში მიღებული საკვების რაოდენობა უნდა ვაკონტროლოთ და გავზარდოთ ფიზიკური აქტიურობა იმისათვის, რომ მიღებული ენერგეტიკული ღირებულება ფიზიკური აქტივობით იყოს გახარჯული.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz