სუს-მა "თავისუფალი ზონიდან" წასული პირები გამოკითხვაზე დაიბარა | Allnews.Ge

სუს-მა "თავისუფალი ზონიდან" წასული პირები გამოკითხვაზე დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრები, რომლებმაც ორგანიზაციის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით დღეს ხმაურიანი განცხადება გააკეთეს, გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც სუს-ში განაცხადეს, ბესო კალაძე და ყველა ის პირი, რომელიც დღეს გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობდა, უწყებაში დღესვე უნდა მივიდეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარატმენტის მიერ ბესო კალაძე და პრესკონფერენციაში მონაწილე სხვა პირები გამოკითხვაზე არიან დაბარებულები", - აღნიშნეს სუს-ში.

დღეს "თავისუფალი ზონის" წევრებმა - ბესო კალაძემ, მარიამ კოხრეიძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან დავალების მიღება დაასახელეს.

"აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას აპირებს.

მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით.

არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა", -განაცხადა პრესკონფერენციაზე ბესო კალაძემ.

"თავისუფალი ზონის" წარმომადგენელ დავით გოგოხიას განცხადებით, იმ პირებზე, რომლებმაც დღეს ორგანიზაცია "ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს", ზეწოლა განხორციელდა.

მისი თქმით, "ივანიშვილის რეჟიმი" აგონიაშია და აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას.

"ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომლის ნომერ პირველი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოება, დაკავებული იყოს თავისი პირდაპირი საქმიანობის განხორციელებით, დაკავებულია ასეთი ბინძური საქმეების კეთებით, დაშანტაჟებით, მოსყიდვის გზით ახალგაზრდების გადაბირებით, ახალგაზრდების ბინძურ პროვოკაციებში ჩართვით.

ეს ყველაფერი აჩვენებს ძალიან ნათელ სურათს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აგონიაშია, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდება. ორი კვირა დარჩა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე და ის აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას. 2 კვირაში ივანიშვილის რეჟიმი აღარ იქნება საქართველოში , ის გადავა ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით", - განაცხადა გოგოხიამ.

myquiz