ქობულეთში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა | Allnews.Ge

ქობულეთში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ქობულეთის სოფლებში - ალამბარში, ქვედა და ზედა სამებაში, ქაქუთში და სოფელი ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა. როგორც ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განაცხადა, ხუთ სახლთან ახლოსაა ჩამოწოლილი მასა, თუმცა ამ ეტაპზე გასახლების საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მიწამ შიდასასოფლო გზებიც ჩაკეტა.

"მეწყრის შედეგად გზები ჩაკეტილი იყო სოფლებში, გუშინ ოთხი ერთეული ტექნიკა მუშაობდა, გაიხსნა გზები და დღესაც გაგრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ხუთ ოჯახთან ახლოსაა მეწყერი ჩამოწოლილი, რაც გეოლოგიური სამსახურის მიერ იქნება შესწავლილი, თუმცა ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ.

მისივე თქმით, ქალაქი ქობულეთი ამჯერად არ დატბორილა, გაწმენდილი იყო სამელიორაციო სისტემა და წყლის უხვი ნაკადები გაიწოვა. ქობულეთის გამგეობის სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს დაითვლის, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

myquiz