ბულინგი სკოლებში - ნორმად ქცეული ბავშვთა ძალადობა | Allnews.Ge

ბულინგი სკოლებში - ნორმად ქცეული ბავშვთა ძალადობა

სოფო 11 წლისაა, ის სათვალეს ატარებს, ამის გამო მას ხშირად დასცინიან. თამუნა კარგად ვერ სწავლობს, რის გამოც კლასელები მას "ოროსანს" ეძახიან. არსებობს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევები -11 წლის ბიჭი, რომელმაც თავი იმიტომ მოიკლა, რომ თანატოლები მას დასცინოდნენ. ეს ბულინგია.

ბულინგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც ძირითადად მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. შეიძლება, ერთი ბავშვი ძალადობდეს მეორეზე ან ჯგუფი - ჯგუფზე, ანდა ჯგუფი - ერთ კონკრეტულ ბავშვზე. ბულინგის მიზეზი კი შეიძლება გახდეს განსხვავებულობა, ფიზიკური ნაკლი, განსხვავებული აზრი და სხვა.

2008 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხული ბავშვების 80%-მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა.

ბულინგი პრობლემაა მსოფლიოში და პრობლემაა საქართველოშიც.

Allnews.ge დაინტერესდა, რა კეთდება ბულინგის პრევენციისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ზრდასრული ადამიანი მსგავს შემთხვევაში.

როგორც ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა აცხადებს, ბულინგი სკოლებში ახალი არ არის და ის ყოველთვის არსებობდა.

"ბულინგის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა მთავარი მაინც სოციალური მდგომარეობაა. აგრესორ ბავშვს სიღარიბის შიში აქვს, ამიტომაც სოციალურად დაუცველის დაცინვით, თითქოს თავს იცავს. აღსანიშნავია, რომ აგრესორი შეიძლება თავად განიცდიდეს ჩაგვრას. ბულინგის შედეგები უმძიმესია. ბავშვი, ვისზეც ძალადობენ, დიდი ალბათობით თავად გახდება აგრესორი", - განაცხადა ფსიქოლოგმა.

როგორც "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორმა ანა არგანაშვილმა Allnews-სთან საუბრისას აღნიშნა, ბავშვი რომელიც კარგ გარემოშია და კარგ განათლებას იღებს ბულინგის ინიციატორი არასოდეს ხდება.

"დღეს ბავშვს სკოლაში იმედი არ აქვს, რომ ვინმეს დამხარებით მიმართავს. ამიტომაც ხშირად ბავშვები ჩუმად არიან და პრობლემების მოგვარებას თავად ცდილობენ. ძალიან ხშირად მინახავს, რომ ისინი ბულერი ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. ნივთებს ჩუქნიან, დავალებებს ასრულებენ, მათი პრობლების გადაჭრაზე მიდგომები არაჯანსაღია, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდასრულები არ ერევიან.

არაკვალიფიციური პედაგოგი, მანდატური პასიურია, ასევე პასიურია ოჯახი და ბავშვი, რომელმაც არ იცის რა გააკეთოს ამ პრობლემის წინაშე მარტო რჩება", - აღნიშნა არგანაშვილმა.

მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბულერს თავად პედაგოგი ახალისებს, რა დროსაც სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება.

"ყველაზე უფრო მაშინ მძიმდება სიტუაცია, როდესაც ბულერს მასწავლებელი წაახალისებს. ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი ერთ კონკრეტულ ბავშვს ცალკე გამოყოფს და ამბობს, რომ ოროსანია, ან მოვლილი არ არის.

ფაქტობრივად ისინი ბავშვს სამიზნედ ამზადებენ და ეუბნებიან მიდით დაჩაგრეთო. სამწუხაროა, რომ ხშირად პედაგოგები ამას ვერ აცნობიერებენ, იმიტომ რომ ამ მხრივ განათლება არ მიუღიათ. ამიტომ ბულინგის დაძლევის პროგრამაში ცენტრალურ დონეზე უნდა ჩაერთონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშებისთვის შეტყობინების უსაფრთხო მექანიზმი შეიქმნას. როდესაც ბავშვი ხდება ბულინგის მსხვერპლი, მან ზუსტად უნდა იცოდეს, რომ სკოლაში არის ერთი ადამიანი, რომელიც მისი პრობლემის მიმართ გულგრილი არ დარჩება", - აღნიშნავს არგანაშვილი.

როგორც არგანაშვილი აცხადებს, მის ორგანიზაციას დასახმარებლად ხშირად მიმართავენ. ისინი კი ცდილობენ ის უწყებები გააქტიურონ, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი.

"ჩვენ ერთადერთი საშუალება გვაქვს, რომ სახელმწიფო უწყებებს მივმართოთ. თუმცა, ისინი სრულ უმოქმედობაში არიან. ხშირად ვამისამართებთ სოციალურ სამსახურში, იმიტომ რომ სოციალური სამსახური უნდა იყოს ბავშვის "ქეისის" მმართველი. თუმცა, ყველამ ვიცით ეს სამსახური რა მდგომარეობაშიცაა. სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრო ამ სამსახურს არ აფინანსებს, არც მობილურის და საწვავის თანხა აქვთ და ხშირად არც კომპიუტერები. ასეთ პირობებში ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ვერ მუშაობენ.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობელს პასუხისმგებლობა ეხსენება, მაგრამ ოჯახზე თავად ბავშვი როგორ იმუშავებს, როდესაც თავადაც ცუდ პირობებშია. ამიტომაც სასწავლო დაწესებულება ვალდებულია იმუშაოს, როგორც ბავშვთან ასევე ოჯახთან", - განაცხადა არგანაშვილმა.

იმის გამო, რომ ბულინგი უფრო ხშირად სკოლებში გხვდება. Allnews დაინტერესდა უტარდებათ თუ არა ბულინგზე პედაგოგებს ტრენინგები. როგორც "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში" განაცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებში ბულინგის პრევენცია უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს.

myquiz