გაამართლა თუ არა სააკაძის მოედანზე შუქნიშნებმა - როგორია სპეციალისტების შეფასება | Allnews.Ge

გაამართლა თუ არა სააკაძის მოედანზე შუქნიშნებმა - როგორია სპეციალისტების შეფასება

სააკაძის მოედანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ადგილია. აღნიშნულ მონაკვეთზე პრობლემის მოსაგვარებლად დედაქალაქის მერიამ შუქნიშნები რამდენიმე კვირის წინ დაამონტაჟა. თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილის თქმით, პროექტმა არ გაამართლა, მათი მოსაზრებით, ვითარების განმუხტვის ნაცვლად გართულდა.

როგორც Allnews.ge-ს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განუცხადა, სააკაძის მოედანზე შუქნიშნების ნაცვლად ესტაკადა უნდა გაკეთებულიყო.

"შუქნიშნებმა არ გაამართლა რამდენიმე მიზეზის გამო. მაგალითად, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში იშვიათად ვხვდებით წრიულ მოძრაობაზე შუქნიშნებს. როდესაც ავტომობილის ნაკადი წრიულ მოძრაობაზე შედის, საგზაო მოძრაობა ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ ერთმანეთი არ გადაკვეთონ, სხვა შემთხვევაში საჭიროა ესტაკადის ტიპის ინფრასტრუქტურა.

თბილისის მერიამ საცობების მართვის 5-პუნქტიანი სქემა შეიმუშავა

"სააკაძის მოედანზე უნდა გაკეთებულიყო ესტაკადა, რომ სხვადასხვა ქუჩიდან გამომავალი ავტომობილთა ნაკადები დროულად ჩასულიყო სანაპიროს მიმართულებით. დაყენებულმა შუქნიშნებმა მოძრაობა შეაფერხა პარალელურ და მიმდებარე ქუჩებზე, ეს არის საბურთალოს, პეკინის, შარტავას ქუჩები, ამ ქუჩებზე მოხდა მოძრაობის ხელოვნური შეფერხება სწორედ შუქნიშნების გამო", - ამბობს დავით მესხიშვილი.

მისივე თქმით, სააკაძის მოედანზე ესტაკადის მოწყობის პროექტი დიდი ხანია არსებობს, თუმცა, "ესტაკადის ნაცვლად შუქნიშნები დადგეს".

"თუ დაუკვირდებით, საღამოობით სააკაძის მოედანზე შუქნიშნებს თიშავენ და მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად აღიარებენ, რომ ამ პროექტმა არ გაამართლა. ხოლო იმაზე სპეკულირება, რომ ამ შუქნიშნებით თურმე ავარიების რაოდენობა შემცირდა, პრობლემას ვერ მოაგვარებს", - ამბობს მესხიშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს, შალვა ოგბაიძეს. მისი შეფასებით, სააკაძის მოედანზე დამონტაჟებულმა შუქნიშნებმა გაამართლა, თუმცა პრობლემა მთლიანად ვერ აღმოფხვრა.

ახალი ავტობუსი-პორტალი საცობების პრობლემას გადაჭრის

"იმის თქმა, რომ თბილისის ერთ ლოკალურ ადგილზე მოძრაობის გაუმჯობესებამ დედაქალაქის მასშტაბით საცობების პრობლემა მოაგვარა, არასერიოზულია, თუმცა იმ თვალსაზრისით არის კარგი, რომ გადაიდგა პირველი ნაბიჯები საცობის პრობლემის მოსაგვარებლად.

"იმის შეგრძნება, რომ ამ მონაკვეთზე ავტომანქანის მართვისას წინ არავინ ჩაგიხტება და დამაბრკოლებელი მხოლოდ შუქნიშანია, ნაკლებად სტრესულ განწყობას ქმნის. თუმცა ერთი მინუსია ის, რომ ამ შუქნიშნებს აუცილებლად სჭირდება სინქრონიზაცია, რათა ერთ მონაკვეთზე მძღოლებს დიდხანს გაჩერება არ მოუწიოთ და ამან ისევ საცობი არ შექმნას.

"რაც შეეხება ამ ადგილას ესტაკადის გაკეთებას, ესტაკადა არის ერთგვარი "ძაბრი", რომელსაც თუ გავაკეთებთ სააკაძის მოედანზე, იქ მოძრაობა განიტვირთება, მაგრამ პრობლემას გადაწევს 200 მეტრით, ანუ სხვა ადგილას შეიქმნება საცობი. ასე რომ, ამას სისტემური მუშაობა სჭირდება და არა ერთი ლოკალური პრობლემის მოგვარება", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დამონტაჟების რეკომენდაცია საცობების განტვირთვის მიზნით, დედაქალაქის მერიას გერმანულმა საერთაშორისო კომპანია A+A-მა მისცა.

სად არის საცობი ყველაზე ხშირი

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz