მაია მიმინოშვილი პედაგოგთა და აბიტურიენტთა გამოცდებს აფასებს | Allnews.Ge

მაია მიმინოშვილი პედაგოგთა და აბიტურიენტთა გამოცდებს აფასებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა.

როგორ აფასებს წლევანდელ შედეგებს, რას ფიქრობს მასწავლებლის საგნის გამოცდის გახმაურებულ შედეგებზე და როგორია მისი პოზიცია ამავე თემასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციაში შემავალ ამ და სხვა საკითხებზე, ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო მაია, დასრულდა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები. მთლიანობაში, როგორ შეაფასებდით პროცესის მიმდინარეობას და შედეგებს?

- წლევანდელი გამოცდები ჩვენი ორგანიზაციისათვის განსაკუთრებული იყო. ჩვენ მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ აპლიკანტებს. ცენტრი სერიოზული გამოწვევის წინაშე იდგა. ერთ, თუნდაც მცირე ხარვეზს შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემა შეექმნა ახალი სისტემის დანერგვის პროცესისთვის. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგამოცდო პროცესმა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა და ეს უკვე წინაპირობაა იმის, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტ სიახლეებს შევთავაზებთ აპლიკანტებს.

- წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. აბიტურიენტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღნიშნულმა სიახლემ მათ გამოცდის ჩაბარება გაუადვილა, თუმცა იყვნენ უკმაყოფილოებიც. თავად თქვენ როგორ შეაფასებდით ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის ეფექტურობას? გაამართლა სიახლემ?

- წლევანდელი სიახლე პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ სრულად გადავიდეთ გამოცდების ელექტრონულ ფორმატზე. ბუნებრივია, ფორმატის შეცვლა ჩვენი თვითმიზანი არ არის. ელექტრონულ ფორმატს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს.

მათგან რამდენიმეს, ყველაზე მნიშვნელოვანს ჩამოვთვლიდი:

1.ელექტრონული ფორმატი საშუალებას იძლევა ტესტური დავალებები გაცილებით უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ როგორც ვიზუალურად, ასევე შინაარსის კუთხით;

2. არჩევითბოლოიანი დავალებები ავტომატურად გასწორდება და აპლიკანტებს ექნებათ შესაძლებლობა გამოცდის შედეგები გაცილებით უფრო მოკლე დროში შეიტყონ. მაგალითად, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები შეგვიძლია აპლიკანტებს მივაწოდოთ გამოცდის დასრულებისთანავე, რადგან ზოგადი უნარების ტესტი მხოლოდ არჩევითბოლოიანი დავალებებისაგან შედგება.

3. რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური მხარეც - აღარ არის საჭირო ასი ათასობით ტესტის ბუკლეტებისა და პასუხების ფურცლების ბეჭდვა და შემდეგ ტონობით ქაღალდის მაკულატურაში გადაყრა.

- წინა გამოცდების მსგავსად, წელსაც აჟიოტაჟის საგანი გახდა მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგები. აჟიოტაჟის მიზეზი გარკვეულწილად, ზოგ შემთხვევაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებული ინფორმაცია იყო, თუმცა შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ არის. ზაფხულის გამოცდების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და პირადად თქვენ, ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ გამოცდაში მონაწილეობდა როგორც მოქმედი პედაგოგები, ისე პედაგოგობის მსურველები. შესაბამისად, თქვენი მოსაზრებით, შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის. საინტერესოა, გამოცდაზე გასულთა და ჩაჭრილთა შორის, რამდენი იყო მასწავლებლობის მსურველი?

- გამოცდაზე გამოსულთაგან რამდენი იყო მოქმედი პედაგოგი და რამდენი პედაგოგობის მსურველი, ამ სტატისტიკას ჩვენ არ ვფლობთ. სურათი, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა - აპლიკანტთა დაახლოებით 80% ვერ აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ეს ის დოკუმენტი გახლავთ, რომელსაც ქმნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი და ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მასში ნათლად და მკაფიოდ არის გაწერილი, რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს კონკრეტული საგნის მასწავლებელი. სწორედ ამ დოკუმენტით ვხელმძღვანელობთ ჩვენ შეფასების ინსტრუმენტის მომზადებისას და ბუნებრივია, ტესტური დავალებებიც იქმნება სტანდარტის შესაბამისად.

ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უფლება არ გვაქვს აპლიკანტს მოვთხოვოთ ის, რაც სტანდარტით არ არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგი ვარ გამოცდების შედეგების საფუძველზე ვიმსჯელოთ მოქმედი პედაგოგების მომზადების დონეზე:

1. 2010 წლიდან დაწყებული მოქმედ პედაგოგთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკვე წარმატებით დაადასტურა საკუთარი კომპეტენცია;

2. ჩვენ არ ვიცით აპლიკანტებიდან რამდენია მოქმედი და მსურველი;

3. წელს პირველად იღებდნენ მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობები. მე პირადად გამოცდების შედეგების ამ კუთხით გაანალიზებაც საინტერესო მგონია. მაგალითად, რამდენად ხელმისაწვდომი არის მათთვის პროფესიული განვითარების აქტივობები, როგორ აისახება ამ აქტივობებში ჩართულობა მათ შედეგებზე და ა. შ . მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სასერტიფიკაციო გამოცდების ფუნქცია არ არის.

- განათლების მინისტრი მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგებში განსაკუთრებით ცუდს ვერაფერს ხედავს. ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70-80 %-ს ჩაჭრის, ან მათ ბარიერს ვერ გადაალახინებს, არ არის კარგი გამოცდა. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

- ამ აზრს სასელექციო ტიპის გამოცდასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დავეთანხმებოდი. სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდაზე კი, აპლიკანტის კომპეტენციებს ვადარებთ წინასწარ დადგენილ სტანდარტს, ამ შემთხვევაში მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. ამიტომაც ამგვარ გამოცდაზე ბარიერის დადგენის პროცედურაც განსხვავებულია, რაც არაერთი ექსპერტის, მათ შორის, პრაქტიკოსი პედაგოგების ჩართულობას გულისხმობს.

თუ აპლიკანტთა 70-80%-სთვის ბარიერის გადალახვა პრობლემა აღმოჩნდა, ბუნებრივია, პირველი, რაც უნდა შევამოწმოთ, არის სტანდარტში გაწერილი მოთხოვნები -

ხომ არ უყენებს სტანდარტი ძალიან მაღალ მოთხოვნებს აპლიკანტებს?

თუ ეს ასე არ არის, მაშინ უნდა შევამოწმოთ შეფასების ინსტრუმენტი - ხომ არ ვაფასებთ იმას, რაც სტანდარტით არ არის განსაზღვრული? მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გამოვიტანოთ კონკრეტული დასკვნა. მეორე ნაწილის შემოწმება ძალიან მარტივია, იმდენად, რამდენადაც ყოველი გამოცდის შემდეგ ჩვენ ვაქვეყნებთ საგამოცდო ტესტებს, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ წლების განმავლობაში არც ერთი შენიშვნა არ მიგვიღია იმის თაობაზე, რომ რომელიმე დავალება არ შეესაბამება არსებულ სტანდარტს. ამ საკითხებზე მსჯელობისას, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება შევთავაზოთ.

- განათლების მინისტრი ასევე ფიქრობს, რომ პედაგოგთა საგნის გამოცდები მომავალშიც გაიმართება, თუმცა საბოლოო შედეგის დადგომაში ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მართალი გითხრათ, მე ჯერჯერობით არ ვფლობ დეტალურ ინფორმაციას ამის შესახებ. მე მგონი, უნდა დაველოდოთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ჩამოყალიბებულ მოსაზრებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

- შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეების რიცხვიც, თუმცა ამ შემთხვევაში პრეტენზიები გამოცდების სისტემასთან მიმართებაში ნაკლებად ისმის. თქვენც ხშირად აღნიშნავთ, რომ ბარიერი ისედაც დაბალია და ზღვარის კიდევ უფრო დაწევა არ იგეგმება. რაში ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავალი, რა თქმა უნდა, უკეთ სწავლაშია. ყველამ უნდა მოვინდომოთ - მასწავლებლებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მოსწავლეებმა.

- დაბოლოს, ბოლო წლებია პერიოდულად საუბრობენ საატესტატო და ეროვნული გამოცდების გაერთიანების შესაძლებლობაზე. რა სიახლეებს შეიძლება ელოდონ აბიტურიენტები და როდიდან? რეალურად, რა მიმართულებით მუშაობს განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ კუთხით?

- მე, როგორც ვიცი, მინისტრს ბევრი სერიოზული ცვლილება აქვს დაგეგმილი არაერთი მიმართულებით. როგორი იქნება მომავალში საგამოცდო მოდელი ან მოდელები, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ამ რეფორმებზე. ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ჩვენთვის კონკრეტული ცვლილებები, უკვე შევძლებთ მათ მოვარგოთ საგამოცდო სისტემა თუ სისტემები.

ანა მარშანია

"ინტერპრესნიუსი"

myquiz