"იანდექს ტაქსი" თბილისში - დაარღვია თუ არა რუსულმა კომპანიამ კანონი? | Allnews.Ge

"იანდექს ტაქსი" თბილისში - დაარღვია თუ არა რუსულმა კომპანიამ კანონი?

რუსულმა კომპანიამ "იანდექს ტაქსი" თბილისში ტაქსებით მომსახურების სერვისი 23 აგვისტოდან დაიწყო. ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ საქართველო მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.

"იანდექს ტაქსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რადგან კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო წარმოდგენილი. შესაბამისად გამოდის, რომ კომპანია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს" არღვევდა. 

თავად "იანდექს ტაქსის" წარმომადგენლობამ ბრალდება უარყო, თუმცა, მუშაობის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში საქართველოს რუკის განახლებული ვარიანტი გაასაჯაროვა, რომელზეც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო მოქცეული.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მტკიცებით, მთავრობის მხრიდან აღნიშნული კომპანიის წახალისება არ ხდება.

"მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ - მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს ეს კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება."- აცხადებს ქუმსიშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში რუსული ტაქსის კომპანიის შემოსვლას თავისუფალ ბიზნეს გარემოს უკავშირებს. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესი ყველასთვის თავისუფალია, მათ შორის რუსული კომპანიებისთვის.

რაც შეეხება "ოკუპაციის კანონის" დარღვევას, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ აღნიშნულის გამოძიება მისი უწყების კომპეტენციაში არ შედის.

"თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს არ იძიებს,"- აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყებაში აცხადებენ, რომ "იანდექს ტაქსი"-ს საქმიანობა ამ ეტაპზე შესწავლის პროცესშია.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, კომპანია "იანდექს ტაქსის" კანონდარღვევაში ადანაშაულებს და კომპანიის მიერ თბილისის ტერიტორიაზე ოპერირების გაგრძელებას, შესაბამისი სტრუქტურების უყურადღებობას უკავშირებს.

"საქართველოს რომ ყავდეს თავმოყვარე ხელისუფლება და პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ამის აღკვეთა ევალებოდა, როდესაც "იანდექსმა"რუკაზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი გვაჩვენა როგორც დამოუკიდებელი ობიექტები, ვფიქრობ, რომ ეს კომპანია საქართველოდან უნდა გაეძევებინათ, "- განაცხადა ხატიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "იანდექსის" მიერ რუკის განახლების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომპანიას საჯაროდ ბოდიშის მოხდა უნდა მოსთხოვოს, რადგან სხვა ზომების მიღება უკვე შეუძლებელია.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ კომპანია "იანდექსს" ფორმალურად კანონი არ დაურღვევია, რაც საქართველოს სამართლებრივი სფეროს გაუმართაობითაა გამოწვეული.

"ერთია ემოციური მხარე, რომ "იანდექსმა" "კანონი ოკუპაციის შესახებ" დაარღვია, მაგრამ სამართლებრივი მხარის მიხედვით და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისდა სამწუხაროდ, მათ ფორმალურად არავითარი კანონი არ დაურღვევიათ,"- Allnews.ge-სთან საუბარში, მან ასევე აღნიშნა, რომ გადასახედია ტაქსის კომპანიების მიმართ დაწესებული რეგულაციები, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით კონტროლი არ ხდება.

"იანდქს ტაქსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლის წინააღმდეგია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი. მისი განცხადებით, კომპანიის საქმიანობა ეჭვს იწვევს.

"ეს არის საეჭვო კომპანია, იმიტომ რომ შემოდის ბაზარზე, რომელიც ტაქსებითაა გაჯერებული.

ასევე, საბჭოთა კავშირის დროს ტაქსის მძღოლები შესაძლოა გარკვეული აგენტურული სამუშაოს შესასრულებლად იყვნენ გამოყენებულები და ვინაიდან "იანდექსი" არის ოკუპანტი ქვეყნის კომპანია, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავს სამუშაოს აწარმოებდნენ ან ამასთან დაკავშირებული გეგმები ჰქონდეთ," - აღნიშნა მესხიშვილმა.

"იანდექსის" ბაზაზე არსებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, კომპანიის ცენტრალურმა ოფისმა, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, განაცხადა, რომ "იანდექსი" თბილისში ოპერირებისას ქვეყნის კანონმდებლობას არ არღვევს. 

"იანდექს ტაქსი," ჯერჯერობით, "იანდექსის" ერთადერთი სერვისია საქართველოში და ის ამ ქვეყნის კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით მუშაობს. საიტის ინტერფეისი, აპლიკაციები, ტაქსომეტრები ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის რუკები შეესაბამება სახელმწიფო საზღვრების შესახებ საქართველოს ოფიციალურ პოზიციას.

გარდა ამისა, საძიებო სისტემა "იანდექსის" რუკებზეც საქართველოში მყოფ მომხმარებლებს ჩვენ ვუჩვენებთ რუკას, რომელიც საქართველოს ოფიციალურ პოზიციას შეესაბამება," - აღნიშნა Allnews.ge-სთან საუბარში "იანდექს ტაქსის" პიარ-პროექტების ხელმძღვანელმა ელინა სტავისკაიამ.

კომპანიის რეგიონული მენეჯერი, თენგიზ ველიანი აცხადებს, რომ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, სათაო ოფისთან კამათი ჰქონდა, რათა რუკა ჩაესწორებინათ.

"აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენს რუკაზე საქართველოს ტერიტორიულ შემადგენლობაშია. "იანდექს ტაქსის" საიტზეც იგივეა. რაც შეეხება თავად "იანდექსის" რუკებს, იცით, ჩვენი სათაო ოფისი მუშაობს რუსეთში და რუსეთი აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. ამის მიუხედავად, რუსული მხარე წამოვიდა იმაზე, რომ საქართველოში ეს რუკა გასწორდეს," - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ამჟამად, თბილისში, "იანდექსის" მიერ შემოყვანილი 200 ავტომობილი გადაადგილდება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი საკუთარ მომსახურებას მალე საქართველოს სხვა ქალაქების მოსახლეობასაც შესთავაზებენ.

მარიამ მენაბდიშვილი

ედუარდ სააკიანი

myquiz