როგორ ცხოვრობენ ბოშები საქართველოში | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობენ ბოშები საქართველოში

საქართველოში მცხოვრები ბოშათა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მიზეზი მარტივია - უმეტესობას პირადობის მოწმობა არ აქვს. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად მხოლოდ 604 ბოშა ცხოვრობს. თუმცა, მათი რეალური რაოდენობა ოფიციალურს ბევრად აღემატება.

როგორ ცხოვრობენ ბოშები საქართველოში და რა პრობლემები აწუხებთ მათ? ALLNEWS.GE ამ თემით დაინტერესდა და მცირე მოკვლევა ჩაატარა.

ჩვენ უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის წარმომადგენელს ელენე პროშიკიანს ვესაუბრეთ, რომელიც წარმოშობით ბოშაა და წლებია ბოშების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნავს. მისი თქმით, საქართველოში ბოშებმა შემოსვლა 1945-იან წლებში რუსეთიდან, თურქეთი და უკრაინიდან დაიწყეს.

თუმცა, 90-იან წლებში მათმა ნაწილმა საქართველო დატოვა. დარჩენილმა ბოშებმა მომთაბარეობა შეწყვიტეს და საქართველოში დამკვიდრდნენ. არაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში 2000-2500 ბოშა ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა რეგიონში არიან გადანაწილებულები.

ბოშების რეალური ისტორია - როგორ ეპყრობოდნენ ბოშებს საუკუნეების განმავლობაში

მათი ძირითადი ნაწილი თბილისში, მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, ჩვენ მათ დასახლებას ვეწვიეთ, თუმცა, მათ გასაუბრებაზე უარი განაცხადეს. ბოშათა დასახლებაში მცხოვრები ქართველები კი მათ კომუნიკაბელურ ადამიანებად ახასიათებენ.

ბოშები თბილისის გარდა კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჭორეთშიც ცხოვრობენ, სადაც მათი რაოდენობა 70-90 ადამიანს აღწევს. ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 350, ხოლო ქუთაისში ე.წ. ავანგარდის დასახლებაში 350 ბოშა ცხოვრობს.

ბოშები ძირითადად მართლმადიდებელი ქრისტიანები, მუსლიმები და ევანგელისტები არიან. რაც შეეხება ენას, საქართველოში მცხოვრები ბოშებისთვის მშობლიური ენა ბოშურია, რომელიც ორი ძირითადი დიალექტით, ესენია კრიმითა და ვლახითაა წარმოდგენილი. ქართულ ენაზე მეტყველების დონე ბოშათა დასახლების ადგილებზეა დამოკიდებული. მართალია, საქართველოს ბოშათა თემმა თითქმის სრულფასოვნად შეინარჩუნა თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ენა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მათ სხვა ტრადიციებზე. თანდათანობით დავიწყებას ეძლევა ბოშათა ჩაცმულობის ტრადიციული სტილი, იშვიათობას წარმოადგენს ქალის ლამაზად მორთულ-მოკაზმული ბრჭყვიალა კაბები, იკარგება ბოშური სიმღერისა და ცეკვის კულტურაც.

როგორც ელენე პროშიკიანმა აღნიშნა ბოშებს მხოლოდ ქობულეთში აქვთ შენარჩუნებული მეტნაკლებად ტრადიციები.

"ქობულეთში მშვენიერი გოგონების ბენდი ჩამოვაყალიბეთ, თუმცა ახლა არ მუშაობენ. სტერეოტიპების გამო კაფე-ბარებში არ ეძახიან." - თქვა პროშიკიანმა.

მისივე თქმით, ტრადიციის მიხედვით, მათ სხვა ეროვნებაზე დაქორწინება ეკრძალებოდათ და მსგავს შემთხვევაში თემიდან მოკვეთა ემუქრებოდათ. თუმცა, დღეს ხშირია შერეული ქორწინება.

"დღეს უფრო მეტი ბოშა გოგონა თხოვდება ქართველზე.

ბევრი შერეული ოჯახია. გოგონები ცდილობენ, რომ ოჯახიდან გავიდნენ. ადრე სხვა ეროვნებაზე დაქორწინება თემიდან გაძევებას ნიშნავდა.

დიდი პრობლემაა ნაადრევი ქორწინება. 13-14 წლის გოგონები თხოვდებიან, ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ასევე ბავშვებიც. თქვენ ყოველ დღე ხედავთ პატარა ბავშვების ქუჩაში მათხოვრობას. როგორც წესი, ის ბაღში და სკოლაში უნდა იყოს," - განაცხადა ელენე პროშიკიანმა.

პროშიკიანმა ჩვენთან საუბრისას ყველაზე მწვავე პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ყველაზე დიდ პრობლემას ინფორმაციის ნაკლებობა, განათლებისა და პირადობის არ ქონა წარმოადგენს.

"ჩემი ორგანიზაცია წლებია ამ საკითხებზე მუშაობს. პირადად მეც ბოშა ვარ და ბოშების საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით უკვე 9 წელიწადია ვმუშაობ. სახელმწიფოს ბოშების თემთან დაკავშირებით არასწორი მიდგომა აქვს.

ბოშების უმეტესობამ არ იცის, რომ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გვაქვს.

ისინი არ უყურებენ ტელევიზორს, არ უსმენენ რადიოს და არ კითხულობენ გაზეთებს, შესაბამისად არ აქვთ ინფორმაცია, თუ რისი მიღება შეუძლით სახელმწიფოსგან.

თუ სახელმწიფო უწყება ერთხელაც არ ჩასულა იქ, სადაც ბოშები ცხოვრობენ, ვერ მიხვდებიან რა უჭირთ, ვერ გაიგებენ ამ საკითხს როგორ უნდა მიუდგნენ," - განაცხადა ელენემ.

მისი თქმით, სხვადასხვა რეგიონში პრობლემაც განსხვავებულია. ძალიან ბევრი სასკოლო ასაკის ბავშვი სკოლაში არ დადის.

"ამ მხრივ, ყველაზე კარგი სიტუაცია ქობულეთშია, იქ სკოლაში 70 ბოშა სწავლობს, რაც არასამთავრობო სექტორისა და მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის დამსახურებაა. რაც შეეხება თბილისს, აქ სკოლაში 10-მდე ბავშვი დადის, იგივე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც. ნელ-ნელა დაიწყეს ბოშებმა ბავშვების სკოლაში შეყვანა, მიხვდნენ, რომ განათლება საჭიროა.

დღეს, არცერთი ბოშა საჯარო სტრუქტურაში დასაქმებული არ არის.

მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ვაჭრობა და მათხოვრობაა. ერთადერთი ქობულეთში მუშაობს დასუფთავების სამსახურში რამდენიმე ბოშა. დღეისთვის ყველაზე ინტეგრირებული და განვითარებულები სწორედ ქობულეთის ბოშები არიან," - აღნიშნა პროშიკიანმა.

საქართველოში მცხოვრები ბოშების კიდევ ერთ მთავარ პრობლემას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა წარმოადგენს. ელენა პროშიკიანის თქმით, ბოში პირისპირ საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათ პირადობა არ სჭირდებათ. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, არ იციან რაში გამოიყენებენ.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი ერთ-ერთია, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაში ეხმარება. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო გაგნიძემ ALLNEWS.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მათი ერთ-ერთი სეგმენტი სწორედ ბოშები არიან.

"ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი პროექტი ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებით, რომელიც სახელწოდებაც არის "მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არ ქონის პრევენცია საქართველოში". ამ პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან პირები, რომელთაც მოქალაქეობა არ აქვთ. ერთ-ერთ კატეგორიად კი ბოშები გვხვდებიან.

ბოშები ისეთი თემია, რომელთანაც კავშირზე გასვლასა და ურთიერთობას შესაბამისი ნდობა სჭირდება. ასე ადვილად ვერ მიხვალ და ვერ დაელაპარაკები. მათ ჰყავთ თავიანთი თემის ლიდერები, რომლის დახმარებითაც მათთან კონტაქტზე გავდივართ," - აღნიშნა გაგნიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ბოშათა პრობლემებზე წლებია მუშაობენ, თუმცა პრობლემები მაინც პრობლემად რჩება. ამის მიზეზად კი სპეციალისტების თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა და საზოგადოების გულგრილობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოშები საქართველოში ცხოვრობენ, მოსახლეობა მათ სრულფასოვან წევრებად მაინც ვერ აღიქვამს.

myquiz