გონიოში, წვრთნების დროს დაღუპული ჯარისკაცის დედამ შიმშილობა დაიწყო | Allnews.Ge

გონიოში, წვრთნების დროს დაღუპული ჯარისკაცის დედამ შიმშილობა დაიწყო

გონიოში, გეგმური წვრთნების დროს დაღუპული ჯარისკაცის, იაგო შარაძის დედამ, ელენე შარაძემ შიმშილობა დაიწყო.

როგორც ელენე შარაძემ განაცხადა, თურქული სამძებრო ხომალდი თითქმის თვალს მიეფარა და, სავარაუდოდ, სამძებრო ღონისძიებები შეწყდა, თუმცა ოჯახი საქმის კურსში ოფიციალურ სტრუქტურებს არ ჩაუყენებია.

ელენე შარაძის თქმით, თუ დღეს, დღის პირველ ნახევრამდე ოჯახს ინფორმაციას არ მიაწვდიან, ისინი გონიოში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

"მთელი ღამე აქ ვრჩებით! ველოდებით, მოვიდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ან ვინმე ზემდგომი და გვითხრას, რა ხდება, რატომ წავიდა თურქული გემი.

გემი თითქმის თვალს მიეფარა, აღარ ეძებენ ჩემს შვილს.

მე მინდა ძებნა გააგრძელონ. ცოცხალ შვილს არ ვითხოვ, მკვდარი შვილის ცხედარი მინდა, რომ საფლავი მქონდეს. უვადო შიმშილობა დავიწყე, სიცოცხლის ბოლომდე შიმშილობას ვაცხადებ. თუ ვნახავ, რომ ჩემი შვილი ვერ მიპოვეს, ბენზინს გადავისხამ და დავიწვამ თავს. ან აქედან ჩემი შვილის ცხედრით წავალ ან მეც მკვდარს წამიღებენ", - აღნიშნა გუშინ ელენე შარაძემ.

თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია შეაჩერა. 11 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იყო გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა.

"650 ტონიანი თურქული ხომალდი, 41 კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. აღნიშნულ ხომალდს მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად.

აღსანიშავია, რომ თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის მინისტრი და თურქეთის კონსული პირადად იყვნენ ჩართული და სამი დღის განმავლობაში ძებნის პროცესს ხომალდიდან აკვირდებოდნენ. ეკიპაჟმა ბორტზე დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებიც დაუშვა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხომალდის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ.

ძებნის ოპერაციაში, თურქული მხარის პარალელურად თავდაპირველად ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

myquiz