დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა | Allnews.Ge

დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გოდერძი თევზაძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

როგორც მთავარი პროკურატურიდან გვაცნობეს, გოდერძი თევზაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით წარედგინა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა, პოლიციასთან თანამშრომლობას.

გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.

ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

myquiz