რა სიახლეები ელის თბილისს სექტემბრიდან | Allnews.Ge

რა სიახლეები ელის თბილისს სექტემბრიდან

თბილისში ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების ადგილები ეტაპობრივად გაუქმდება და პროცესი უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა ზაფხულის განმავლობაში ტროტუარებზე არსებული 1500 პარკირების გაუქმება.

"რაც ყველაზე მეტად სამარცხვინოა, "სითი პარკისთვის" ტროტუარებზე პარკირების ადგილებიც კი გადაცემული აქვთ და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები აყენია. როდესაც ჩვენ ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი 2 ათასზე მეტი ადგილი იყო. ასეთი 500 ადგილი ჩამოვართვით "სითი პარკს" და დავუბრუნეთ ფეხით მოსიარულეებს. ვგეგმავ, რომ ამ ზაფხულისთვის დანარჩენი 1500-იც ჩამოვართვათ და სექტემბრისთვის ქალაქის ტროტუარები გავათავისუფლო ავტომანქანებისგან.

ეს, ბუნებრივია, ავტომობილების მფლობელთა გულისწყრომას გამოიწვევს; როცა ერთ კარგ საქმეს აკეთებ, იმას საპირისპირო უკმაყოფილება მოყვება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მძღოლებს, გაგებით მოეკიდონ ამას, რადგან ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე - როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადაადგილდებიან და იქვე მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე ქალაქი, დასავლური გზით მივდივართ და დასავლეთში უპირატესობა ენიჭება ადამიანს და არა ავტომობილს. მოვუწოდებ "სითი პარკს", ალტერნატიული პარკირების ადგილები გააჩინოს", - განაცხადა ნარმანიამ.

ირკვევა, რომ თბილისის ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებზე არ წავიდა და პარკირებების ერთბაშად გაუქმებაზე უარი თქვა, რადგან ეს ერთის მხრივ ავტომობილების მფლობელებისთვის პრობლემების შექმნას, მეორე მხრივ კი მათ მიერ პარკირების წესების დარღვევების ზრდას გამოიწვევდა.

სწორედ ამიტომ მერიამ ადგილების გაუქმების პარალელურად მათთვის ალტერნატივების შექმნა დაიწყო. შესაბამისად, პროცესმა უფრო მეტი დრო მოითხოვა.

ამ ეტაპზე პარკირების ადგილები უქმდება ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ მიშველაძის ქუჩაზე (27 პარკინგი), ჩოლოყაშვილის გამზირზე გაუქმდება 16 ადგილი, ასევე საპარკინგე ადგილები გაქრება ნუცუბიძის, პეკინისა და ყაზბეგის, ცოტნე დადიანის ქუჩებზე.

პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა პარკირების გაუქმების პარალელურად მოხდეს "შეჭრების" გაკეთება. მუმლაძის განმარტებით, მერიამ ასეთი მიდგომა იმის გამო აირჩია, რომ არ მომხდარიყო დისკომფორტის შექმნა მძღოლებისთვის და, ფეხით მოსიარულეებისთვის ტერიტორიის გამოთავისუფლებასთან ერთად, ავტომფლობელებისთვის მანქანის გაჩერების ალტერნატიული ადგილები შეეთავაზებინათ.

საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მრავალდონიანი ავტოსადგურის მშენებლობაზე და დაგეგმილი 10 ლოკაციის გარდა მერია აპირებს დამატებითი ადგილები მოიძიოს, რათა მსგავსი სადგური დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი იყოს.

"არ გვინდა საკითხები ხისტად, ერთი ხელის მოსმით გადავწყვიტოთ, თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანი არის ტროტუარების მთლიანი გათავისუფლება ავტომობილების პარკირებებისგან", - აცხადებს მამუკა მუმლაძე.

მისი ინფორმაციით, ორი წლის წინ თბილისში, ტროტუარებზე პარკირების 2 ათასამდე ადგილი იყო, დღეს კი ეს რაოდენობა 800-დან 900-მდე ერთეულს შეადგენს.

დედაქალაქში უახლოეს კვირეებში კიდევ რამდენიმე სიახლე იგეგმება: პეკინის გამზირიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასახვევ მონაკვეთში ჭკვიანი შუქნიშანი გაჩნდება. სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" წინა ტერიტორიაზე დამატებითი ზოლები გაკეთდება, რათა ამ მონაკვეთში გზა გაფართოვდეს და საცობების განტვირთვა მოხდეს.

გასული კვირის დასაწყისში შუქნიშნები ჩაირთო სააკაძის მოედანზე, სადაც უსაფრთხოების კუნძულები მოეწყო და, როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, მოძრაობა ორგანიზებული გახდა. მათი თქმით, ეს სიახლე ამ მონაკვეთში მოძრაობას 8-10%-ით განტვირთავს.

სააკაძის მოედნის ირგვლივ რამდენიმე (ტექნიკურ უნივერსიტეტთან და "თიბისი ბანკის" ფილიალთან) პარკირება გაუქმდა, ამიტომ ბენზინგასამართი სადგურების აღება, რაზედაც საუბრები იყო, აღარ გახდა საჭირო.

რაც შეეხება ახალ, გერმანულ "მანის" ავტობუსებს, მათი პირველი პარტია, 10 ავტობუსი, დედაქალაქში 15 სექტემბრამდე გამოჩნდება და ჭავჭავაძე-რუსთაველი-ბარათაშვილი-პუშკინის მიმართულებით ივლის.

მამუკა მუმლაძის განმარტებით, მომდევნო თვეებში ავტობუსების დამატება და, შესაბამისად, ავტოპარკის განახლება მოხდება - გარეუბნებში, ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს შეცვლის იგივე ყვითელი, თუმცა შედარებით ახალი ავტობუსები. როგორც ცნობილია, თბილისში თებერვლამდე "მანის" 143 ლურჯი ავტობუსი უნდა შემოვიდეს, სულ კი ქალაქს 750 ერთეული სჭირდება. ამ ოდენობის ახალი ავტობუსების შემოყვანა მომდევნო წლების პერსპექტივაა.

ამ ეტაპზე დედაქალაქს 512 ავტობუსი ემსახურება. ახალი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ, მათი რაოდენობა 580-604-მდე გაიზრდება.

ასევე სიახლეა ის, რომ დედაქალაქში შემომავალი საქალაქთაშორისო მარშრუტები განისაზღვრება და შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ ამ მარშრუტზე მოძრაობის უფლება ექნება.

უახლოეს დღეებში თბილისს კიდევ ერთი სიახლე ელის - 5 სექტემბრამდე პერიოდში, პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კუს ტბის განახლებული საბაგირო ამოქმედდება.

მუშაობა მიდის მთაწმინდის საბაგიროს განახლებაზეც - ეს ხაზი თბილისს მომავალი წლის ივლისისთვის დაემატება, ამ ეტაპზე კი კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ელენე ციგრიაშვილი

წყარო: გაზეთი "ბანკები და ფინანსები"

myquiz