"ინფორმირებული ამომრჩევლის ნაცვლად, დაბნეული ამომრჩეველი მივიღეთ" | Allnews.Ge

"ინფორმირებული ამომრჩევლის ნაცვლად, დაბნეული ამომრჩეველი მივიღეთ"

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა"-ს უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი გვესაუბრა..

- ბატონო სოსო, საარჩევნო კამპანია და ელექტორატისთვის ბრძოლა დასკვნით ფაზაში რომ შედის, ამას თვალს კი ვადევნებთ, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით და დაახასიათებდით არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების ტაქტიკასა და სტრატეგიას, არჩევნების მენეჯმენტს? თუნდაც, იმ ფაქტების მაგალითზე, რაც საინფორმაციო სივრცეში პრაქტიკულად ყოველდღე ხვდება და საყოველთაო განსჯის საგნად იქცევა ხოლმე...

- დასკვნით ფაზაში შედის ვადების თვალსაზრისით, მაგრამ ბრძოლას და მით უმეტეს ელექტორატისთვის ბრძოლას, მე ვერ ვამჩნევ. საარჩევნოდ პარტიების არჩეული სტრატეგიები და ტაქტიკაც, უფრო წააგავს მეთოდებს ჯერ არარსებული სახელმძღვანელოდან "როგორ დავკარგოთ ამომრჩეველი".

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლიტიკური სპექტრი მთლიანად გასულია საკონსტიტუციო სივრციდან და რაღაც პარალელურ სამყაროში მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში. ამის თქმის უფლებას პარტიების მხრიდან მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებამდე მხოლოდ 2 თვით ადრე მაჟორიტარების ვინაობის დასახელება მაძლევს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა ტიპის, რა ინტენსივობის წინასაარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, რომ თავისი ხედვები, საარჩევნო პლატფორმა, ან თუნდაც დაპირებები გააცნოს ამომრჩეველს.

არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ზაფხული შვებულებების და დასვენების დროა. თბილისი, ფაქტობრივად, დაცლილია, კლიმატური პირობები კი ხელს არ უწყობს კანდიდატებს შეხვედრების ინტენსივობა გაზარდონ. რეგიონებში სექტემბრიდან მოსავლის აღება იწყება და ამომრჩევლების ძირითადი მასა ვენახებსა და ყანებში იქნება გასული. არადა, ჩვენთან შერეული საარჩევნო სისტემაა და კანონმდებლების ნახევარს სწორედ მაჟორიტარი კანდიდატებისგან ვირჩევთ.

გუშინ მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე ერთ-ერთ უბანში. გამოკითხულთა ნაწილი სხვა ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს საკუთარი ოლქის კანდიდატად, მაშინ როცა, უმრავლესობა არც ერთი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს არ იცნობს.

სატელევიზიო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციებიდან თუ სარეკლამო რგოლებიდან გამიჭირდება ვინმეს გამოყოფა - დაპირებები კლონირებულია, წაშლილია მემარცხენე და მემარჯვენე ძალების ინიციატივებს შორის ზღვარი, გამოცხადებულია აუქციონი მზარდი ბიჯებით პენსიონერების გულების დასაპყრობად და ბიზნესზე ძალადობასა და დატერორებაში შემჩნეული პარტიები თუ მათი განაყოფები ბიზნესის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის ინდულგენციებს არიგებენ.

ჩემი აზრით, ასეთია რეალობა და ანი და ჰოეც ამ არჩევნების - სრული ეკლექტიკა, დამაბნეველი უცნობი სახეებითა და ე.წ. გამწევი ლოკომოტივების კიდევ უფრო დამაბნეველი რიტორიკით. მათ შორის, ძალადობის აღარ განმეორებადობაზე და თვალებში ჩახედვის ბანალურ მოქმედებაზე.

პარტიების მხრიდან, არჩევნების რა მენეჯმენტზეა საუბარი, როცა მთელი წინასაარჩევნო პროცესის შედეგად დღეის მდგომარეობით ინფორმირებული ამომრჩევლის ნაცვლად, ჩვენ დაბნეული ამომრჩეველი მივიღეთ.

დაბნეულია "გირჩის" და "ახალი საქართველოს ამომრჩეველი," კიდევ უფრო დაბნეულია პაატა ბურჭულაძის ამომრჩეველი, რომელიც გაურკვევლობაშია ამ გაერთიანების გამო.

თავდაპირველი ბრენდინგის სწორი გააზრების, სეგმენტაციის სწორი გადაწყვეტის შემდეგ, ღირებულებათა სხვადასხვა სისტემის, რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ მათი იდეოლოგიების მსგავსება დასავლური ღირებულებების ერთგულების ერთიან პლატფორმას ეფუძნება, ერთ ქვაბში მოთავსება, პოლიტიკური აჯაფსანდალის მომზადების ტოლფასია.

დაბნეულია "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი, რომელსაც მთელი წელი განახლებაზე, ცვლილებებზე და გარდაქმნაზე ესაუბრებოდნენ, რაღაც პერიოდში ახალი სახეებიც კი წარუდგინეს პარტიის განახლების დასადასტურებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში ლიდერად ისევ სანდრა რულოვსი მოევლინათ.

დაბნეულია შალვა ნათელაშვილის ამომრჩეველი, რომელსაც მთავარ ამოცანად 100 წლამდე მიღწევის გეგმა დაუსახეს, ხოლო მათი ლიდერის პოლიტიკური გემოვნების ცვლილება კი დედამიწაზე დღე-ღამის მონაცვლეობის ციკლს ასწრებს.

დაბნეულია ნინო ბურჯანაძის ამომრჩეველი, რომელიც მითიური ბლოკებისა და განბლოკვის იდეით უნდა დაირაზმოს წინასწარ უცნობი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.

კოალიცია "ქართული ოცნების" დაყოფის შემდეგ, ცალკ-ცალკე პარტიების ამომრჩეველი კიდევ უფრო დაბნეულია, ვიდრე მაშინ, როდესაც ერთიან კოალიციას უჭერდა მხარს.

შეიძლება ჩემი შეფასება ნაკლებად სარწმუნოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ვიდრე გამაკრიტიკებთ, თქვენც ჩაატარეთ მცირე ექსპერიმენტი - საქართველოს 10 მოქალაქეს ჰკითხეთ, რომელი პარტიის საარჩევნო პლატფორმას იცნობს და რითი განსხვავდება ის სხვა პარტიის პლატფორმისგან? ისიც მოგეხსენებათ, რომ პარტიების უმრავლესობას საკუთარი პროგრამა არჩევნებამდე 43 დღით ადრე არც კი გამოუქვეყნებია.

- იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას ეფექტური საინფორმაციო პოლიტიკა მანამდეც არ ჰქონია, საარჩევნო პერიოდშიც ჩანს, რომ ამ თვალსაზრისით მასზე ეფექტურად მისი ოპონენტები აქტიურობენ. რა უნდა ვიფიქროთ - ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს რაიმე ახლისა და კრეატიულის შემოთავაზება არ შეუძლიათ, თუ ოპონენტები ერთმანეთს იმდენად დაემსგავსნენ, რომ მათი პოლიტიკური ხელწერის გარჩევა სულ უფრო მეტად ჭირს?

- მივდივართ მთავარ პრობლემამდე - პოლიტიკური სუბიექტები მზად არ არიან არჩევნებისთვის. ჩვენ ახლა ვაკვირდებით დაუგეგმავი ნაადრევი მშობიარობის პროცესს და სამწუხარო ფაქტს, რომ ნაყოფი მოუმწიფებელია. ამის დასტურია სიების ხშირი, ფსევდოსტრატეგიული თუ ფსევდოტაქტიკური ცვლილება, დასახელებული მაჟორიტარების კანდიდატობიდან მოხსნა, შერწყმა-გაერთიანებების უთავბოლო პროცედურები და შედეგად გვაქვს ამომრჩევლის განხიბვლა.

ის, რომ ამომრჩეველი უკმაყოფილოა, ან ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, სულაც არ არის ამომრჩევლის ბრალი. ამომრჩეველი არ არის ინფორმირებული და მას არ უნდა მოვთხოვოთ, რომ თვალყური ადევნოს ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც პოლიტიკაში ხდება. არსებობს ინფორმაციის ნაკადის გარკვეული კრიტიკული რაოდენობა, რომლის იქით ადამიანები არ, ან ვერ იმახსოვრებენ გზავნილებს. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი პროცენტული მოცულობაც ამის ბრალია.

როდესაც ვამბობ, რომ პოლიტიკური სუბიექტები არ არიან მზად არჩევნებისთვის, პირველ რიგში ვაანალიზებ მათ განვლილ გზას და სტრატეგიას, ელექტორატის პოტენციურ სტრატებს, რომელზეც უნდა ემუშავათ მათ წინასაარჩევნო კამპანიებით. პროდუქტი, რომელიც საარჩევნო პლატფორმის, პარტიული სიებისა და მაჟორიტარების სახით უნდა მიეღო ამომრჩეველს საბოლოო სახით არ არსებობს - დაუსრულებელი და არასრულყოფილია.

მოსაწონია, რომ ამომრჩეველი აღარ ყიდულობს ნაკლიან პროდუქტს, შეუფუთავს და, მით უმეტეს, მანქანის ძარიდან. ამომრჩეველი გაზრდილია, ის კომფორტს და ხარისხიან პროდუქტს ითხოვს, რომელსაც ვერ იღებს. აქედან გამომდინარეობს პარტიების დაპირებების მსგავსებაც. მათ მოთხოვნილება უნდა დააკამყოფილონ, თუმცა, დრო არ ყოფნით. ცაიტნოტში კი უფრო ადვილია კოპირებით გახვიდე ფონს, ვიდრე რაიმე კრეატიული მოიფიქრო.

"ნაციონალების" კინგჩეზი (ჭადრაკის ნაირსახეობაა, როდესაც მოწინააღმდეგეები პარტიას ცარიელ დაფაზე იწყებენ და ეტაპობრივად შემოაქვთ ფიგურები დაფაზე), რომელიც მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით სანდრას პოლიტიკაში შემოსვლას გულისხმობს, კონსტანტინე გამსახურდიას სამშობლოში დაბრუნებას და პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას მაგონებს 2004 წელს. ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს. თუმცა, სანდრა მიხეილ სააკაშვილი არ არის და არც კოსტანტინე გამსახურდიას მსგავსი ორატორობით გამოირჩევა. მართალი გითხრათ, დიდ ძვრებს ამ არჩევნებზე არც ველოდი, მაგრამ ასეთ მოუმზადებლობას ვერც წარმოვიდგენდი.

- ვინაიდან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო რგოლებისა თუ სარეკლამო ატრიბუტიკის ვიზუალურ და შინაარსობრივ მხარეებს, თქვენ როგორც პიარტექნოლოგი, როგორ შეაფასებდით საარჩევნოდ პარტიების მიერ მომზადებულ სააგიტაციო პროდუქციას, რომელსაც პარტიები ამომრჩეველს გზავნილებისა და სარეკლამო რგოლების სახით სთავაზობენ?

- რა უნდა განვიხილოთ? უფასო სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამა, რომლის დამზადებაზეც ბიუჯეტების კუთხით მართლა თეთრებია დახარჯული და ძირითადად ძველი კადრების კომპილაციით არის შედგენილი ან უხარისხო კომპიუტერული გრაფიკით არის განზავებული? მათ საკუთარი მომხმარებელი ყავთ, თუმცა, გამიჭირდება შეფასება მათი ფრაგმენტულობისა და არასისტემურობის გამო. სააგატიცაიო მასალას მაინც შევაფასებდი, რომ ჰქონოდა ვინმეს. თუ არ ვცდები წინასაარჩევნო ლიფლეტები მხოლოდ "ნაციონალებს" აქვთ ჯერ მზად და ისიც მცირე ტირაჟით დაბეჭდილი და ისიც ზოგადი და არასახელობითი.

ბოლო დროს ხშირად მიხდება რეგიონებში სიარული და ამიტომაც მხოლოდ თბილისის მაგალითით არ ვიმსჯელებ. საქართველოს არც ერთ ქალაქში, არც ერთ დაბაში და სოფელში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს, არც ერთი პლაკატი ჯერ არ აქვს გაკრული. გზავნილებზე თუ პოლიტიკური აგიტაციის ვიზუალურ მხარეზე გაზარმაცებული პოლიტიკური სუბიექტების გამოცოცხლების შემდეგ ვისაუბროთ.

- საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სულ უფრო თვალშისაცემია პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჭკუის მასწავლებლისა და დამრიგებლის როლის მორგება, კონკრეტული პოლიტიკური გეგმების ნაცვლად, მორალურ-ზნეობრივი შეგონებების გულუხვად ფრქვევა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამომრჩეველს პოლიტიკოსების მხრიდან ბრძენის გამომეტყველებით მიწოდებულ შეგონებებსა და ჭკუის სწავლებებს?

- კარგი კითხვაა, რადგან არაერთხელ წავიკითხე კრიტიკული წერილები პარტიული ლიდერების სარეკლამო ტონზე და მანერულობაზე. აქ ერთ დიდ შეცდომას უშვებენ კრიტიკოსები - არ შეიძლება განსაჯო პოლიტიკური გზავნილების ვიზუალური, ხმოვანი თუ შინაარსობრივი მხარე შენი განწყობებიდან გამომდინარე.

ამომრჩეველი დღეს ჭრელია - სეგმენტირებული და დიფერენცირებული პოლიტიკური და ღირებულებითი გემოვნებების მიხედვით. ვიღაცას ლაკონური, სხარტი გზავნილები მოსწონს, - მაგალითად, "გირჩის", ვიღაცას - დაღეჭილ-გადაღეჭილი ახსნა-განმარტებით, მაგალითად, "პატრიოტთა ალიანსის". არ ვიცი, არიან თუ არა ისეთი ადამიანები, რომლებსაც მოწონთ შალვა ნათელაშვილის სარეკლამო რგოლის ძირითადი გზავნილი, რომლითაც საკუთარი ამომრჩეველი დანაშაულებრივ ქმედებებში ამხილეს, მაგრამ ... ალბათ არიან, რადგან ნათელაშვილის რეიტინგზე ამ განცხადებას არ უმოქმედია.

მეორე საკითხია, რამდენად შესწავლილი ყავთ პარტიებს ამომრჩევლები, რამდენად იციან როგორ მიმართონ, რა მოსწონთ მათ ამომრჩეველს, როგორი ტემბრი ურჩევნიათ, ან თუნდაც რა კამერით უნდა იყოს გადაღებული მათი საარჩევნო კლიპები. ჩვენ ჯერ კიდევ ქვის ხანაში ვართ ამ მხრივ, მაშინ როცა დასავლეთში ამომრჩევლებთან შეხვედრებზე არომამარკეტინგის ელემენტებს აქტიურად იყენებენ.

- ქართველ ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ "2016 წლის არჩევნები ის ტესტია, რომელიც გამოავლენს ევროპულ არჩევანს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს თუ რუსულს". თქვენც ასე ფიქრობთ?

- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. არც ერთ კვლევაში და არც საზოგადოებრივ განწყობებში არ იკვეთება ასეთი არჩევანის შესაძლებლობა. არაშედარებადი სიდიდეეებია. ჩემი აზრით, თემა არააქტუალურია და ხელოვნურად არის შექმნილი.

თუმცა, ეს არჩევნები თავისებური ტესტი მაინც იქნება იმის შესაფასებლად, რამდენად გაიზარდა ქვეყანა და რამდენად შეძლო ევროპული სტანდარტების მიხედვით არჩევნების ჩატარება.

იხილეთ სრული ვერსია: "ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი

myquiz