ვინ არიან "პარტიზანი მებაღეები?" | Allnews.Ge

ვინ არიან "პარტიზანი მებაღეები?"

"პარტიზანული მებაღეობის" წევრები ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, დღეს საღამოს ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" წევრის, ლუკა ბასხოლიანის განმარტებით, ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს საკრებულოს სხდომაზე მისვლას არ აპირებენ - "ჩვენ არ ვითხოვთ მერის გადადგომას. ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება და ვითხოვთ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას," - აღნიშნა მან.

"პარტიზანული მებაღეობის" წევრები თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო აქციებს აქამდეც მართავდნენ. გასულ თვეს, ისინი ნუცუბიძის ქუჩაზე, ყოფილი გეო-ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიისთვის ტყე-პარკის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ, სადაც, მაცხოვრელების თქმით, ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

ამავე პერიოდში, "პარტიზანმა მებაღეებმა" პარლამენტის შეობასთან თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელიც გააპროტესტეს.

ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს

რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციას, საზოგადოებრივი მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობა" 2013 წელს შეიქმნა. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ყველაფერს მას შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, რაც ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში თბილისის ტერიტორიაზე ხეების დარგვის ინიციატივის შესახებ დაწერა. თუმცა, "პარტიზანული მებაღეობის" აქტიურ ორგანიზაციად ჩამოყალიბება მერიის სამსახურების მიერ ათეულობით საღი ხის გაჩეხვამ განაპირობა. ჯგუფს დღეს 30-მდე აქტიური წევრი ჰყავს.

ორგანიზაციამ პირველი აქცია 2013 წელს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა. ისინი რესტორან "ოტიუმის" მშენებლობას აპროტესტებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მათი განმარტებით, ამ პერიოდში ორგანიზაციის არსებობის შესახებ საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.

ამავე პერიოდში, "პარტიზანებმა" იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვაც გააპროტესტეს.

2014 წლის დეკემბრიდან "პარტიზანმა მებაღეებმა" "პანორამა თბილისის" მშენებლობის შესახებ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. თავდაპირველად, მათი მოთხოვნა არქიტექტურული პროექტის შესახებ დეტალების გასაჯაროება იყო, მოგვიანებით, მოთხოვნებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის პროექტისთვის მიერთება დაემატა. 

სწორედ ამ პერიოდში აქტიურად გაჟღერდა ლოზუნგი: "არა პანორამას".

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, "პარტიზანული მებაღეობის" წევრებმა, ვაკის მაცხოვრებლებთან ერთად, საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს, რასაც სასამართლო განხილვები მოჰყვა.

თბილისის ქუჩები, სადაც ყველაზე დაბინძურებული ჰაერია

აღნიშნული პროცესები სასტუმროს მშენებლობის შეჩერებით დასრულდა, თუმცა, მოძრაობის წევრების განმარტებით, რამდენიმე თვის წინ, სამშენებლო კომპანიამ მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რაც პროცესების განახლების საწინდარია.

2015 წელს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს, ბიძინა გიორგობიანსა და ნატა ფერაძეს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, მოძრაობის წევრებმა მთაწმინდის ტერიტორიაზე ზეხმელი ხეები მონიშნეს. მიუხედავად ამისა, როგორც მოძრაობაში აცხადებენ, მონიშნული ხეები არ მოუჭრიათ და ეს მოლაპარაკება მერიამ საკუთარი პიარ-კამპანიისთვის გამოიყენა.

ამავე წელს, "პარტიზანი მებაღეები" მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

პროექტის განხილვისას, ნატა ფერაძემ დეპუტატებს ბოთლით წყალი შეასხა, რის შედეგადაც მას დარბაზი დაატოვებინეს.

2016 წელს, მოძრაობამ აქცია "არა პანორამას" განაახლა, ამავდროულად, ციხისძირში, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანა გააპროტესტა, თუმცა, უშედეგოდ.

რამდენად დაბინძურებულია ჰაერი საქართველოში

2016 წლის მაისში, "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე,  "პარტიზანული მებაღეობის" 5 წარმომადგენელი და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააპატიმრეს, მოგვიანებით, ისინი 250 ლარიანი ჯარიმისა და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამ ეტაპზე, "პარტიზანი მებაღეები" ყაზბეგის ქუჩის 24 ნომერში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით მართავენ აქციებს. მათ პროტესტს "მწვანე ალტერნატივის" წევრებიც შეუერთდნენ.

რამდენიმე დღის წინ, აქციების მიმართ მხარდაჭერა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ანა დოლიძემაც გამოხატა.

მოძრაობის წევრების განცხადებით, ისინი პროტესტის ამ ფორმას იქამდე მიმართავენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz