2 კვირიანი დაპირისპირება 13 მოჭრილი ხის გამო | Allnews.Ge

2 კვირიანი დაპირისპირება 13 მოჭრილი ხის გამო

"პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, რომელიც უკვე 3 დღეა თბილისის მერიასთან შიმშილობს, დღეს შეუძლოდ გახდა. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"პარტიზანული მებაღეობის" წევრები თითქმის ორი კვირაა შიმშილობენ. საპროტესტო აქციას "მწვანე მუშტის" წევრები და ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.

"შიმშილობას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები," - განაცხადა Allnews.ge-სთან საუბრის დროს ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა.

მერიასთან შიმშილობა, ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნატა ფერაძემ მას შემდეგ დაიწყო, რაც ყაზბეგის გამზირზე, "ორბი ჯგუფის" დაკვეთით ხეები მოჭრეს. ნატა ფერაძის განცხადებით, რომელმაც შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა, 17 აგვისტოს მოჭრილი კედარი და ვერცხლისფერი ნაძვები სრულიად საღი იყო. "ორბი ჯგუფის" წარმომადგენელის, ირაკლი კვერღელიძის თქმით, კომპანიას არცერთი საღი ხე არ მოუჭრია და მერიის სამსახურის ნებართვით ხელმძღვანელობდა.

ეკოლოგიური დანაშაული სწრაფი ტემპით იზრდება

ნატა ფერაძის მიერ შიმშილობის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, დავით ნარმანიამ 10 დღიანი მორატორიუმი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან პირთან მერიას დედაქალაქში არსებულ გამწვანების წესებთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა, -"მართალია, ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და გავამკაცრეთ წესები, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი კიდევ გადასახედია, ამიტომ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად მზად ვართ დავსხდეთ და განვახორციელოთ ეს საკითხები, რათა რეგულაციები კიდევ უფრო მეტად მკაცრი გავხადოთ. თუმცა, ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ 21-ე საუკუნეში ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია, ამიტომაც უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით მოგვცემს ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. "- განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

თუმცა, გუშინ, თბილისის მერსა და აქციის მონაწილეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლებმა განცხადეს, რომ შეხვედრაზე პრობლემის არსებითი განხილვა და მოლაპარაკებები არ ყოფილა და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

დღეს თბილისის მერიასთან პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი, ანა დოლიძე მივიდა, რომელმაც "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 45 ხეზე, რომელიც დაავადებული, ამორტიზებული და ხმელი იყო, მოჭრის ნებართვა გამწვანების სამსახურმა გასცა.

"ხშირია, როცა ხე შეიძლება ვიზუალურად იყოს მწვანე, მაგრამ იყოს დაავადებული, ზუსტად ვერ გეტყვით," - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

"პარტიზანული მებაღეობის" ინფორმაციით კი, თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე 13 საღი ხეა მოჭრილი, რის შესახებაც პროკურატურამ გამოძიება 19 აგვისტოს, 303-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო.

დანაშაული ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ისჯება.

myquiz