რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ტერორისტების შესახებ ინფორმაციის დეტალურად გავრცელებამ? | Allnews.Ge

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ტერორისტების შესახებ ინფორმაციის დეტალურად გავრცელებამ?

მსოფლიოს მასშტაბით, მედიის მიერ ტერორიზმის გაშუქების შესახებ სხვადასხვაგვარი რეგულაციები არსებობს, რომლებიც, ძირითადად, ქვეყანაში არსებულ ტერორისტულ საფრთხეებზეა დამოკიდებული.

ამჟამად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში ტერორიზმის საფრთხე დაბალია, ამიტომ ადგილობრივი მედია ამ საკითხზე ინფორმაციის გავრცელებაში შეზღუდული არ არის. ქართული მედიის ფოკუსში ძირითადად, პანკისის ხეობიდან ტერორისტულ დაჯგუფებებში წასული ახალგაზრდები ექცევიან.

მედიაში ტერორიზმის გაშუქების მიმართულებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი თავისდაუნებურად ტერორისტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, -"ცხადია, ყველა მედიასაშუალება, ტერორიზმს ერთნაირად არ აშუქებს. არსებობენ უფრო მეტად პასუხისმგებლობის მქონე მედიასაშუალებები, რომლებმაც იციან, რა საფრთხეებს შეიცავს ამგვარ თემაზე მუშაობა და რამხელა პასუხიმგებლობა აკისრია ჟურნალისტს, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, თუმცა არიან ისეთი მედიაგამოცემები, რომლებსაც ეს არ აქვთ გააზრებული და სპონტანურად მიყვებიან ტერორიზმის გაშუქებას ყოველგვარი ანალიზის გარეშე.

ასევე, არსებობენ მესამე ტიპის მედიასაშუალებები, რომლებსაც ჟურნალისტური მიზნები საერთოდ არ აქვთ და ისინი სულ სხვა დღის წესრიგითა და სარედაქციო პოლიტიკით მუშაობენ, რაც ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებთან თანხვედრაში არ არის." - განაცხადა მან.

როგორია ტერორიზმის ფსიქოლოგია და რა ხდება ჩვენს ტვინში გამუდმებული ტერორისტული აქტების დროს

რაც შეეხება, გაშუქების ფორმას, ნატა ძველიშვილის აზრით, ის მედიასაშუალებები, რომლებიც საზოგადოებას ტერორისტების შესახებ ინფორმაციას ეთიკის ნორმების დარღვევით აწვდიან, ნერგავენ საშიშ ტენდენციას, - "იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ხარვეზებით აშუქებენ ტერორიზმის თემას, უნდა გამოიყოს ის, რომ ხდება ტერორისტების რომანტიზება და ისინი წარმოჩენილები არიან, როგორც გმირები, რაც, ცხადია, არის საშიში ტენდენცია, იმიტომ რომ ამგვარი რომანტიზებით შესაძლოა გაუჩინო მიბაძვის სურვილი სხვებს," - აღნიშნა მან Allnews.ge-სთან საუბარში.

2016 წელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიასაშუალებებისთვის ტერორიზმის გაშუქების რეკომენდაციები გაავრცელა. მასში საუბარია ტერორისტების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისა და მათი გმირებად წარმოჩენისგან თავის შეკავებაზე.

"ტერორისტული დაჯგუფების წევრები არ უნდა იყვნენ წარმოჩენილნი გმირებად, არ უნდა მიეწეროთ ისეთი თვისებები, რაც მათ "მამაც მებრძოლებად" წარმოაჩენს. ამგვარმა გაშუქებამ შესაძლოა მათი ქმედების მიმართ დადებითი განწყობა გამოიწვიოს განსაკუთრებით მოზარდებში. ტერორიზმი გაშუქებული უნდა იყოს, როგორც კრიმინალური აქტი, კანონმდებლობისა და სამართლის ჭრილში," - ნათქვამია რეკომენდაციის ერთ-ერთ პუნქტში.

სირიაში ახლაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, რომლებშიც მონაწილეობას პანკისის ხეობიდან წასული საქართველოს მოქალაქეებიც იღებენ და დაჯგუფებებთან ერთად ტერორისტული აქტების ორგანიზებაშიც არიან ჩართულები.

წამყვანი ფრანგული მედიასაშუალებები ტერორისტების ფოტოსურათებს აღარ გამოაქვეყნებენ

გარდა ამისა, ტერორისტული დაჯგუფებები მუდმივად ცდილობენ, მედიის დღის წესრიგში მოხვდნენ და თავიანთი მესიჯები ადრესატამდე მიიტანონ, აღსანიშნავია, რომ მათ იციან რა ხერხებით შეძლებენ მედიის ყურადღების მიპყრობას, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც ტერორიზმის საფრთზე მაღალია, მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდულია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz