თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება | Allnews.Ge

თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება

წესი გადაიხედება დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თბილისის საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით წარდგომამდე იგი ექსპერტებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეხვდება.

"სიამოვნებით მივიღებთ ყველა რაციონალურ მოსაზრებას და წინადადებას და ამაზე დაყრდნობით ამ წესს დავხვეწავთ. როდესაც გარემოს დაცვის სტრატეგია გავაკეთეთ, თბილისის ისტორიაში პირველად, მაშინაც გვქონდა საუბარი და გარკვეული რეგულაციები შევცვალეთ, თუმცა ესე მწვავედ საკითხი არასდროს დამდგარა. ამიტომაც, ვფიქრობთ, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე კიდევ გადავხედოთ არსებულ წესებს", - განაცხადა ნარმანიამ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, დადგება თუ არა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ამას "პარტიზანელი მებაღეები" ითხოვენ, ნარმანიამ განაცხადა, რომ ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის საბოლოო დასკვნას უნდა დაველოდოთ.

"გამოკვლევა აუცილებლად უნდა დასრულდეს, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს და ამის საფუძველზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. სწორედ ამიტომაც, პროკურატურის შესაბამის ქვედანაყოფებთან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა მათ ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ.

ვიმუშაოთ მათთან ერთად და დადონ საბოლოო დასკვნა, რასთან გვქონდა საქმე. წინასწარ ვარაუდების გაკეთება, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იყოს და ამას ვერ დავეყრდნობით. როდესაც ოფიციალური დასკვნა იქნება, ოფიციალური დასკვნა იქნება შემდგომი რეაგირების საფუძველი. მანამდე რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება", - აღნიშნა ნარმანიამ.

myquiz