ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გზა ოლიმპიური ოქროსკენ | Allnews.Ge

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გზა ოლიმპიური ოქროსკენ

შრომისმოყვარე, მიზანდასახული, თავმდაბალი, თავშეკავებული - ასე ახასიათებენ მეგობრები და ოჯახის წევრები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.

სპორტსმენმა ვარჯიში ქალაქ გორში, 8 წლის ასაკში დაიწყო. მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის მეგობრებმა სპორტდარბაზში სავარჯიშოდ პირველად წაიყვანეს, რის შემდეგაც აქ სიარული აღარ შეუწყვეტავს. მამამისი თავისუფალი სტილით მოჭიდავე იყო და შვილმაც გადაწყვიტა, მის გზას გაჰყოლოდა.

"ყველა გამარჯვებას მამაჩემს ვუძღვნი," -ამბობს ახლა უკვე წარმატებული, ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელიც 1991 წლის 18 აპრილს შიდა ქართლში, გორში დაიბადა და არამარტო ამ ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ერთ-ერთი საყვარელი მოჭიდავე გახდა. ის 2015 წელს, წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელეს.

ლადოს პირველი მწვრთნელი, არკად ხინჩიკაშვილი იხსენებს, რომ ლადოს, თავდაპირველად, სხვა მოჭიდავეებთან შედარებით, სუსტი ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, თუმცა წარმატებებს მიზანდასახულობის, შრომისა და მონდომების ხარჯზე მიაღწია.

"თავიდან თავის წონაში სხვა მოჭიდავეები ერეოდნენ და ამაზე ნერვიულობდა, მაგრამ თავისი ხასიათისა და შრომისუნარიანობის წყალობით, კარგ შედეგებსაც მიაღწია.

მე ყოველთვის მჯეროდა რომ დიდი მოჭიდავე გახდებოდა და ეს მისთვის არაერთხელ მითქვამს." - აღნიშნა არკად ხინჩიკაშვილმა ლადოზე საუბრისას.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ახლა უკვე ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დედამისის, ქეთევან გაგნიძის თქმით, თავის კარიერაში ბევრ უსამართლობას შეხვდა, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა, თავისი შეცდომების აღმოჩენა და გასწორება არასოდეს შეუწყვეტია.

"ასპარეზობის შემდეგ სახლში მოვიდოდა, ჩართავდა თავის გამოსვლას და დაკვირვებით უყურებდა, რადგან მაინც მიაჩნდა, რომ შეცდომები მან დაუშვა და მომავალში გამეორება აღარ უნდოდა."-ამბობს ლადოს დედა.

ლადოს დედა ყვება, რომ ლადო მოჭიდავის კარიერაზე, ბავშვობაში, რამდენიმე გამარჯვების შემდეგ დაფიქრდა. ქეთევან გაგნიძე მის პირველ წარმატებასა და ემოციებს ისხენებს,- "როდესაც ქალაქ გორის შიდა ჩემპიონატი მოიგო, თავშეკავების გამო, ემოციები თითქმის არ გამოუხატავს. ახლაც, ოლიმპიადაზე ეს მის მიერ სიხარულის მაქსიმალური გამომჟღავნება იყო, რადგან განცდების მკვეთრად გამოხატვა არ ახასიათებს."

2016 წლის რიოს ოლიმპიადის ფინალში, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაპონელი რეი ჰიგუჩის დამარცხების შემდეგ, გახარებულმა ჩემპიონმა დამსახურებულ ოქროს მედალს "გემო გაუსინჯა" და სიმბოლური საჩუქარი, რომელზეც თავისი ავტოგრაფი დაწერა, ტრიბუნისკენ ისროლა.

მიზანდასახულობა რომ მისი წარმატებისა და შრომის საწინდარია, ამას ლადოს მეგობარი, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, კოტე ხაბალაშვილიც აღნიშნავს. მისი თქმით, ლადო ოლიმპიადისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, რადგან მისი მიზანი ოლიმპიური ოქრო იყო.

რიოს ოლიმპიადაზე წარმატების მიზეზად, თავად სპორტსმენი კარგად მომზადებას ასახელებს. 

ფსიქოლოგიური კუთხით ოლიმპიადისთვის მზად ვიყავი. გამოჩნდა, რომ ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიყავი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემპიონობა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, თუმცა მიზანი და ოცნება, ცხადია, ოლიმპიური ოქრო იყო. წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დავჯერდი და მიხარია, რომ წელს უკვე ოქროს მოპოვება შევძელი."- თქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამარჯვების შემდეგ.

 

ხინჩეგაშვილი 2014-2016 წლებში ევროპის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს კი 2015 წელს, ლას-ვეგასში 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაეუფლა.

სპორტსმენის დედა ყვება, რომ ლადო  როგორც თავისი ოჯახის, დედისა და დის -გვანცა ხინჩეგაშვილის მიმართ, ისე მეგობრებრებისა და ახლობლების მიმართ ძალიან ყურადღებიანია, - "ოლიმპიადაზე წასვლის წინ ყველასთან მივიდა, მოინახულა, მითუმეტეს ცოტა დრო ჰქონდა," - იხსენებს ის.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სპორტსმენი ამბობს, რომ უკვე ყველა ტიტული მოპოვებული აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, აგრძელებს ჭიდაობას.

"ვაგრძლებებ ჭიდაობას, თავისთავად, უბრალოდ, პატარა ნიუანსები შეიცვლება,"- ამბობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

სპორტსმენმა, რომელიც ქალაქ გორში თავდაუზოგავად ვარჯიშობს და ოჯახის წევრების თქმით, თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, თავის ქვეყანას კიდევ ერთი წარმატება მოუტანა და თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით დასახულ მიზანს მიაღწია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz