დაკარგული სამხედროების ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობას თავდაცვის მინისტრი მიიღებს | Allnews.Ge

დაკარგული სამხედროების ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობას თავდაცვის მინისტრი მიიღებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დღეს გონიოში დაბრუნდება და თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, მანამდე მინისტრი ადგილზე მობილიზებულ პირად შემადგენლობასთან მორიგ ოპერატიულ თათბირს ჩაატარებს და სამუშაოების მიმდინარეობისა და გამოძიების დამატებით დეტალებს გაეცნობა.

თავდაცვის მინისტრი ადგილზე დახვდება თურქულ ხომალდს და ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმას მოისმენს, რის შემდეგაც მათთან ერთად გავა ზღვაში და სამძებრო ღონისძიებაში უკვე პირადად ჩაერთვება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე შემოსულია და ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ატარებს თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა 9 კაციანი ეკიპაჟით.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში,  პირველივე დღიდან ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ძებნის ოპერაციას ატარებს სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი.

16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.

 დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, პირდად შეხვდნენ ლევან იზორიასა და გიორგი მარგველაშვილს, რომლებიც სამძებრო სამუშაოების პირადად გაკონტროლებას დაპირდნენ.

"ბუნებრივია, საზოგადოებასაც ვპირდები ამას. როგორც კი ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე დეტალი გახდება ცნობილი, მოვახსენებ უშუალოდ საზოგადოებას, მათ შორის მშობლებსაც." - განაცხადა ლევან იზორიამ.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

myquiz