რა უნდა ვიცოდეთ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას | Allnews.Ge

რა უნდა ვიცოდეთ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაზღვევის სისტემა ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია ცდილობს თავი აარიდოს დაკისრებულ მოვალეობებს.

რა დაბრკოლებებს აწყდება მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას? - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება:

თუ დროულად არ დარეკავთ, დაზღვევის თანხას ვერ მიიღებთ

"კანონის მიხედვით სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ბენეფიციარს თანხა მაშინ აუნაზღაუროს, როცა ამის საჭიროება დადგება. არადა, როდესაც სადაზღვევო თანხის ანაზღაურების დრო დგება, ყველაფერს აფუჭებს ის, რომ ხელშეკრულებაში კაბალური პირობებია ჩადებული. კერძოდ, მაქსიმალურად შემჭიდროებულია ვადები, როცა კლიენტმა უნდა შეატყობინოს კომპანიას თავისი პრობლემის შესახებ.

როგორც წესი, შეტყობინება ტელეფონით უნდა განხორციელდეს. ხშირად სადაზღვევო კომპანია აცხადებს, რომ ამ პიროვნებას კომპანიაში საერთოდ არ დაურეკავს და არაფერი შეუტყობინებია. ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერია, რომლის გამოც დაზღვეული იძულებულია სატელეფონო კომპანიას მიმართოს და მიიღოს ინფორმაცია თავისი ზარის შესახებ.

გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანია ავალდებულებს ბენეფიციარს, რომ მან 30 დღის განმავლობაში წერილობით მიმართოს და სადაზღვევო თანხა მოითხოვოს, ბევრი ამ პირობასაც ვერ ასრულებს".

კომპანიები ისეთ დოკუმენტებს ითხოვენ, რომლის მოთხოვნის უფლებაც არ აქვთ

" ხშირად გვხვდება სიტუაცია, როდესაც ბენეფიციარს ყველა პროცედურა შესრულებული აქვს, მაგრამ სადაზღვევო კომპანია ხელოვნურად შექმნილი გზებით ცდილობს თანხა არ გადაიხადოს.

ათიოდე დღის წინ პრეტენზიით მომაკითხა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კლიენტმა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მანქანა დაუზიანდა. სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო, მაგრამ კომპანიამ კლიენტს ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა მოსთხოვა, რომელსაც არც ხელშეკრულება ითვალისწინებს და არც სადაზღვევო ზიანის განსაზღვრისთვის აქვს მნიშვნელობა.

კერძოდ, სადაზღვევო კომპანიამ კლიენტისგან სატელეფონო ზარების ამონაწერი მოითხოვა. ჯერ ერთი, ადამიანის პირადი საუბრის მოსმენა დაუშვებელია და მეორე - მსგავსი დოკუმენტის წარდგენა საერთოდ არ იყო საჭირო. მოკლედ რომ ვთქვათ, სადაზღვევო კომპანიები ბენეფიციარებს ისეთ დოკუმენტებს სთხოვენ, რომლის მოთხოვნის უფლებაც არა აქვთ".

რა უნდა გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის დაზღვევისას

ჯანმრთელობის დაზღვევის დროს ხშირად ხდება ასეთი რამ: კომპანია უცხადებს კლიენტს, რომ მისი დაავადება არ შედის სადაზღვევო მომსახურების სიაში. შეიძლება ოპერაციის, ან სხვა სახის მკურნალობის დასაფინანსებლად არც ისე დიდი თანხა ჰქონდეს გადასახდელი, მაგრამ სადაზღვევო კომპანია თანხის გადახდაზე მაინც უარს ამბობს. ჩვენ რამდენიმე

ასეთი ფაქტი გადავამოწმეთ და ვნახეთ, რომ დაავადება, რომელზეც პაციენტს უნდა ემკურნალა, ნამდვილად იყო ჩამონათვალში. იხილეთ გაგრძელება

myquiz