როგორია ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საქართველოში და ვის უნდა მიმართოს დაზარალებულმა | Allnews.Ge

როგორია ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საქართველოში და ვის უნდა მიმართოს დაზარალებულმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ბოლო მონაცემებით, 2015 წლის პერიოდში ოჯახში ძალადობის ფაქტზე  2726 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, მათში მონაწილე 5106 პირით. მოძალადეებს შორის ჭარბობენ მამკაცები - 2283, ქალების რაოდენობა შეადგენს 185-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 2301 ქალი და 337 მამაკაცი.

მოძალადე მამაკაცებში, ისევე როგორც ქალებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 25-44 წლის ასაკობრივ შუალედში. მსხვერპლ მამაკაცებში ყველაზე დიდი წილი 45 წლის ზღვარს ზემოთ მყოფებზე მოდის, ხოლო მსხვერპლ ქალებში კი – 25-44 წლის ასაკობრივ შუალედში.

ოჯახში ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (1208) და ფსიქოლოგიური ძალადობა (2556). რეგიონებს შორის ყველაზე მეტი ოჯახში ძალადობის ფაქტი თბილისში (1009) ფიქსირდება, ყველაზე ცოტა სამცხე-ჯავახეთში (45 ფაქტი).

სტატისტიკა არც ისე სახარბიელოა, და ნათლად ჩანს, რომ მსხვერლთა უმეტესობა ქალია.

ამას გარდა, ბევრი მსხვერპლი ისევ დუმს და ზუსტი სტატისტიკა უცნობია. Allnews.ge შეეცადა გაერკვია, თუ ვის უნდა მიმართოს ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა და როგორ დაიცვას თავისი უფლებები.

როგორც ჩვენთან საუბარში სახალხო დამცველის აპარატში, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე სხილაძე ამბობს, არსებობს რამდენიმე ტიპის ძალადობა.

"არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური, იძულება, სექსუალური და უგულებელყოფა, რომელიც ახალი ჩანაწერია და არასრულწლოვანის მიმართ ოჯახში ძალადობის ფორმაა, ანუ როდესაც ხდება არასრულწლოვანის ინტერესებისა და საჭიროებების უგულებელყოფა მასზე მზრუნველობის განმახორციელებელი პირისგან, იქნება ეს მშობელი, მეურვე თუ ა.შ."

მისივე თქმით, კერძო ორგანიზაციების თავშესაფრების გარდა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის არსებობს სახელმწიფო თავშესაფრები.

"ამ ეტაპზე სულ 4 სახელმწიფო თავშესაფარია - თბილისში, გორში, ქუთაისსა და კახეთში.

ძალადობის მსხვერპლმა პირველ რიგში უნდა მიმართოს პოლიციას, რათა მოხდეს რეაგირება ამ შემთხვევაზე. მოქალაქეს შეუძლია დარეკოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე - 14 81, ასევე მას შეუძლია დაურეკოს ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ცხელ ხაზსს 115 06.

ამას გარდა, თავშესაფრით სარგებლობის მსურველს უნდა მიენიჭოს სტატუსი. სტატუსის განსაზღვრის რამდენიმე ვარიანტია, ერთია შემაკავებელი ორდერი, რომელსაც პოლიცია გასცემს. შემაკავებელი როდერი არის იმის საფუძველი, რომ პირი განთავსდეს თავშესაფარში, მეორეა დამცავი ორდერი, რომლის მისაღებადაც პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც 10 დღის ვადაში ან გამოსცემს ამ ორდერს ან არ გამოსცემს. ამას გარდა, ეს ორდერები ითვალისწინებს სხვადასხვა პირობებს, მაგალითად, პირთან მიახლოების აკრძალვას, კომუნიკაციის აკრძალვას და ა.შ.

სტატუსის მინიჭების მესამე გზაა, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და პირი დაზარალებულად არის ცნობილი, მაგალითად ცემის ფაქტზე, ეს არის საფუძველი იმისა, ადამიანი განთავსდეს თავშესაფარში. ამას გარდა, სტატუსს ანიჭებს სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებელი ჯგუფია. პირმა უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას, შეავსებს სპეციალურ ფორმას და ამის საფუძველზეც გადაიყვანენ მას თავშესაფრში", - ამბობს ეკატერინე სხილაძე.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" წარმომადგენლის, ელისო ამირეჯიბის თქმით, მათ ორგანიზაციას დახმარებისთვის პირები ყოველდღიურად მიმართავენ.

-ამ საკითხზე 2003 წლიდან ვმუშაობთ. ჩვენთან კონსულტაციაზე დღეში მინიმუმ 8 ადამიანი რეკავს, სოციალურ მუშაკთან მოდის მინიმუმ 5 ადამიანი, თავშესაფარი ყოველთვის გადატვირთულია იმდენ ადამიანს სჭირდება დახმარება. იმის გამო, რომ ამდენი წელია ამ თემაზე ვმუშაობთ, სახელმწიფომ გადმოგვცა თავშესაფრისთვის ფართი, რომელსაც გავაკეთებთ და უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით.

მსხვერპლთა უმეტესობა ქალია, თუმცა არის რამდენიმე მამაკაცი, როგორც წესი ისინი არიან ასკოვანი ადამიანები და ძალადობის მსხვერპლნი მათი შვილების მხრიდან არიან.

- როგორ უნდა მოგმართოთ დაზარალებულმა დახმარებისთვის?

- როგორც წესი, საინფორმაციო ცენტრში 118 08-ზე რეკავენ, სადაც ჩვენს ნომერს აძლევენ ხოლმე, ასევე ხშირად "ფეისბუქზეც" გვეკონტაქტებიან, ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას და ასეც იგებენ ხოლმე. გაეროს მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო ჩვენს მიერ 2008-2010 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლია.

- როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მარტო არ არის და თან ჰყავს შვილი, ბავშვზეც ხდება ზრუნვა?

- თუ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რასაკვირველია დედაც და შვილიც თავშესაფარში გადაგვყავავს, თუ ბავშვი 18 წლამდე ასაკის არის და მას მეურვე არ ჰყავს, აუცილებლად ვატყობინებთ სოციალურ სამსახურს, ხოლო თუ პირი სრულწლოვანია, ის თავად ირჩევს წავა თავშესაფარში თუ არა.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz