ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები მკვლელის შესახებ დეტალებს იხსენებენ | Allnews.Ge

ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები მკვლელის შესახებ დეტალებს იხსენებენ

ნონა რომანაძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელი გარდაცვლილების სამძიმარსა და ქელეხში იყო მისული, - ამის შესახებ მოკლულის ოჯახის წევრები ყვებიან.

როგორც გარდაცვლილის დამ, ხათუნა თხილაიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ბრალდებული ნონა რომანიძის მეუღლესთან, ოთარ მამფორიასთან და მის ძმასთან მეგობრობდა და ოჯახშიც ხშირად მიდიოდა.

"ნონა უმამოდ გაიზარდა. 15 წლის განმავლობაში ის ჩემთან თბილისში ცხოვრობდა. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ბრალდებული ოთარის, მისი ძმის და ბიჭების მეგობარი იყო. ბრალდებული გიორგი ამ უბანში ქირით ცხოვრობდა და შემდეგ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ გიორგი ქელეხშიც კი იყო მისული, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე. ამ საზარელი ფაქტის შემდეგ გიორგი ხშირად მოდიოდა ოჯახში და ოთარის ეუბნებოდა - გვერდში დაგიდგები, რომ მკვლელი გავიგოთ ვინ იყოო," - აცხადებს ნონა რომანიძის და ხათუნა თხილაიშვილი.

ნონა რომანიძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ბრალდებულმა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ კარგად იცოდა, რაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აქვს ნათქვამი.

გარდა ამისა, ნონა რომანიძის რძალი ნატო ჯიქიძე ყვება, თუ როგორ მოხდა ბრალდებულის მიერ რომანაძის და მისი შვილის მკვლელობა და რა მიზანი ამოძრავებდა ბრალდებულს.

"გუშინ გავიგეთ, რომ შსს-მ დააკავა მკვლელი. გზაში აუყვანიათ. მიზეზს რაც შეეხება, როგორც ჩვენება აქვს მიცემული, მკვლელობა ფულის გამო ჩაიდინა. ის გასაქურდად შევიდა სახლში, თუმცა ფული ვერ იპოვა და მხოლოდ 30 ლარი წაუღია ოჯახიდან. როგორც თვითონ ყვება, ორჯერ, ჯერ მუშტი ჩაურტყამს თავში და როდესაც ნონა რომანიძე ვერ გათიშა, შემდეგ ვაზაც ჩაარტყა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გამომძიებელს, რომელმაც ოპერატიულად იმუშავა და საქმე გამოიძია"-აცხადებს ნატო ჯიქიძე.

ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ.

22 თებერვალს, ქვემო ფონიჭალაში, 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.

myquiz