2016 წლის შვიდ თვეში საქართველოში ფემიციდის 10 შემთხვევა მოხდა | Allnews.Ge

2016 წლის შვიდ თვეში საქართველოში ფემიციდის 10 შემთხვევა მოხდა

2016 წლის შვიდი თვის განმავლობაში უკვე ათი ქალის მკვლელობა მოხდა, - ამის შესახებ "ქალთა მოძრაობის" დამფუძნებელმა ბაია პატარაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

"ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში. ბოლო ორი წლის განმავლობაში შს სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა და ამას მოყვა ასევე შეტყობინებების გაზრდა.

ცხელ ხაზზე 2015 წელს 15 910 შეტყობინებაა შესული, რაც არის სამჯერ გაზრდილი ციფრი 2013 წელთან შედარებით.

გაზრდილია გამოძიებები და შემაკავებელი ორდერები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ კარგი შედეგი სახეზე არ გვაქვს და 2016 წლის შვიდი თვის განმავლობაში ათი ფემიციდი, 10 ქალის მკვლელობა მოხდა. ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვია", - განაცხადა ბაია პატარაიამ.

"სამართლიანი არჩევნების" იურისტის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შს სამინისტროს მიმართ შეტყობინებების გაზრდა მიანიშნებს მოსახლეობის ნდობას პოლიციის მიმართ, თუმცა როგორც ლომჯარია აღნიშნავს, შს სამინისტრო და პოლიცია არ არის მზად იმისთვის, რომ ეფექტურად გაუწიოს ასეთი ტიპის ზედამხედველობა.

"დღეს შს სამინისტრო და პოლიცია არ არის მზად იმისთვის, რომ ეფექტურად გაუწიოს ასეთი ტიპის დანაშაულს ზედამხედველობა და იყოს ეფექტური გარანტი იმ ქალების მიმართ, რომლებიც მიმართავენ შს სამინისტროს დაცვისთვის. ამიტომ ჩვენ გვინდა შევხვდეთ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და გავაცნოთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმირება უწყების შიგნით", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი ასევე, რომ პარლამენტმა ფემიციდი არ განიხილა როგორც ცალკე განყენებული დანაშაული. ნინო ლომჯარია და ბაია პატარაია გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრას ითხოვენ და მას ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილში ის რეფორმებია ნახსენები, რომელიც მათი თქმით, სამინისტრომ უნდა გაატაროს. კერძოდ,

1. ჩამოაყალიბოს სპეციალური განყოფილება, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობასა და გენდერული საფუძვლით ჩადენილ დანაშაულებზე;

2. მონიტორინგი გაუწიოს შემაკავებელი ორდენის შესრულებას, პასუხისგებაში მისცეს ის პოლიციელები, რომლებიც შეცვლილი პოლიტიკის მიუხედავად კვლავ იყენებენ იურიდიული ძალის არმქონე ხელწერილის ჩამორთმევის პრაქტიკას;

3. დანერგოს რისკების შეფასების მექანიზმი, რათა რიგით პოლიციელს მიეცეს შესაძლებობა შეაფასოს მოძალადისგან მომავალი საფრთხე.

myquiz