რა ჯდება ბათუმში საცხოვრებლის ქირაობა | Allnews.Ge

რა ჯდება ბათუმში საცხოვრებლის ქირაობა

რა ღირს საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი თუ აპარტამენტი ბათუმში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქში დასვენების მსურველები არიან დაინტერესებულნი. 

allnews.ge შეეცადა ბათუმში არსებული ფასები გამოეკვლია.

ტურისტულ ქალაქში მყოფი უცხოელი და ქართველი დამსვენებლები ფასებს განსხვავებულად აფასებენ. ბელორუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სირიიდან ზღვისპირა ქალაქში მყოფი დამსვენებლები ერთხმად ამბობენ, რომ ფასები სრულ შესაბამისობაშია კომფორტის, ადგილმდებარეობისა და ფართობის მხრივ.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი კი ფიქრობს რომ ძვირია:

"ვფიქრობ, რომ ძვირია, მაგრამ ამჯერად გაგვიმართლა და იაფად ვიშოვეთ, 50 ლარად. სამი გოგო ვართ, ნორმალური პირობებია, კონდენციონერიცაა, ძალიან ცენტრში არ ვართ, მაგრამ ზღვამდე შორი არაა. ისე კი ძალიან გაგვიჭირდა ბინის ნახვა, დიდხანს ვეძებდით, ბოლოს ახლობელი დაგვეხმარა და ვიპოვეთ" - აღნიშნავს ქართველი დამსვენებელი.

"დღეში 120 ლარს ვიხდით, ოთხნი ვართ და კარგად მოვთავსდით. აპარტამენტი არის ძალიან კარგად მოწყობილი, პლიაჟთან ახლოს, ძალიან კმაყოფილები ვართ, ეს ფასი აბსოლუტურად მისაღებია იმ პირობებთან შედარებით, რაც ბინაში დაგვხვდა". - ამბობს თამუნა, რომელიც თბილისიდანაა და სამ მეგობართან ერთად ისვენებს. 

"ქალაქის ცენტრში საოჯახო ტიპის სასტუმროში დავბინავდით მე და ჩემი მეუღლე, 50 დოლარი ღირს ერთი ღამე. ვფიქრობ არ არის ძვირი. საერთოდ, ბათუმში ყველაფერი იაფია, ვერ ვიტყვი რომ რაიმე ძვირი ღირს", - აღნიშნა სირიელმა ტურისტმა აჰმადა ჰუსეინიმ.

"150 ლარს ვიხდით საოჯახო ტიპის აპარტამენტში. მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვედი ბელორუსიდან. ვფიქრობ ფასი ნორმალურია, ადგილიც მოგვწონს, კარგი ხედები იშლება მეთოთხმეტე სართულიდან".

"მე და ჩემი მეგობარი ჰოსტელის 10 კაციან ოთახში დავბინავდით. 18 ლარი ღირს ღამე ერთ ადამიანზე. ვფიქრობ ძალიან იაფია", - აღნიშნა ფიოდორმა უკრაინიდან.

"ჩვენ გუშინ ჩამოვედით და ჯერ არ ვიცით ფასების შესახებ. სამოთახნიან აპარტამენტში კვირაში 1400 ლარს ვიხდით და ვფიქრობთ რომ ძალიან მისაღები და კარგი ფასია", - აღნიშნა ოლგამ, რომელიც რუსეთიდან ხუთ მეგობართან ერთად ჩამოვიდა.

გასულ წელთან შედარებით ბათუმში განთავსების ობიექტებზე ფასები 10-15 ლარით მომატებულია. მეპატრონეები აცხადებენ, რომ ფასების ზრდა ლარის გაუფასურებასა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნას უკავშირდება.

აპარტამენტების მფლობელები ტურისტების სიმრავლეზე საუბრობენ:

ჩემი სახლი მდებარეობს ზღვამდე 5 წუთის სავალზე, მეცამეტე სართულზე ზღვის ხედებით. მაისის თვიდან ვაქირავებ, ივლისის თვის ფასი 120 ლარია და ძალიან კარგად ქირავდება. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე ჩავარდნა მქონდა, წვიმები იყო და ალბათ დამსვენებლები ამის გამო არ ჩამოვიდნენ, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, - აღნიშნა ელზა ბოლქვაძემ.

170 ლარი ღირს ორ პერსონაზე გათვლილი სტანდარტული ნომერი, ნახევრად ლუქსი 190 ლარი, ხოლო ლუქსი 230 ლარი. გასულ წელს თითქმის ყოველღამე სავსე იყო, წელს 10-20 ლარით მოვამატეთ ფასები. 15 ნომრიანი სასტუმროა და ნახევარზე მეტი ნომერი დაკავებულია, - აღნიშნა ერას მოედანზე არსებული საოჯახო ტიპის სასტუმროს ადმინისტრატრმა გოჩა ჯინჭარაძემ.

25 ლარი ღირს სტანდარტული შერეული ოთახი, გვაქვს ასევე 18 ლარიანი ოთახი, სადაც უფრო მეტი ადამიანი თავსდება. ასევე გვაქვს საოჯახო ნომერი, სადაც ოთხი ადამიანი ერთდროულად შედის და 100 ლარი ჯდება ჯამში. ჩემს ჰოსტელს ძირითადად ევროპელები სტუმრობენ, ფესტივალების დღეებში სრულად ივსება, წვიმიან დღეებში შედარებით ცოტა ტურისტია, - აღნიშნა რუსუდან ჭიჭინაძემ, რომელიც ძველ ბათუმში ჰოსტელს ფლობს.

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი განთავსების ობიექტების ფასებთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რატომ არის ზოგიერთი სასტუმრო ძვირი და ზოგიერთი ძალიან იაფი.

ია თაბაგარი ვარაუდს გამოთქვამს, რომ ზოგიერთი საოჯახო სასტუმრო გადასახადებს არ იხდის და სწორედ ამიტომ იქმნება არაკონკურენტული გარემო. მისი განმარტებით, საბოლოო ჯამში, ბათუმთან დაკავშირებით მოთხოვნა გაზრდილია და ხანდახან განთავსების ობიექტის პოვნაც კი რთულია:

"შავი ზღვის სანაპიროზე სხვადასხვა სახის საოჯახო ტიპის სასტუმროთი დაწყებული და აპარტამენტებით დამთავრებული ძალიან დიდი არჩევანია. ვფიქრობ, მათი ღირებულია არც ძვირია და არც იაფი.

დამსვენებელს აქვს იმის უნარი, რომ გადაიხადოს თანხა და იხდის კიდეც.

ზოგიერთ სასტუმროს აქვს თავისი ბუღალტერია და გადასახადებს იხდის, არის საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებიც არ იხდიან გადასახადებს და შედარებით იაფი ღირს. ასეთი სასტუმროები ქმნიან არაკონკურენტუნარიან გარემოს. შეიძლება, რომ კურორტმა, მუნიციპალიტეტმა დააწესოს მცირედი, ფიქსირებული გადასახადი, ეს პატარა სასტუმროებს პასუხისმგებლობას დააკისრებს როგორც ხარისხის გაზრდაზე, ასევე, სახელმწიფოს წინაშე", - აღნიშნა ია თაბაგარმა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ბერძენიშვილის ინფორმაციით, უცხო ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადების მხრივ მეზაობელი ქვეყნები თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და უკრაინა ლიდერობენ. წელს ტურისტების რიცხვის მატებაა ევროპული ქვეყნებიდანაც.

ლიდერ პოზიციებზე არიან გერმანია, ლატვა, ლიტვა, ესტონეთი და პოლონეთი.

ბათუმში ტურისტების დიდ ნაკადებს განსაკუთრებით აგვისტოში ელოდებიან. ადგილობრივები იმედს გამოთქვამენ, რომ ამ დროისთვის განთავსების ყველა სახის ობიექტი შეივსება.

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი

myquiz