აუდიტის სამსახურთან ლევან ვარშალომიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს | Allnews.Ge

აუდიტის სამსახურთან ლევან ვარშალომიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომრის, ლევან ვარშალომიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის მოსვლას აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დაპირებები არის საარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი და ის ამომრჩევლის მოსყიდვად არ შეიძლება შეფასდეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გოგა ონიანმა აღნიშნა, ლევან ვარშალომიძე წლების განმავლობაში აჭარაში აღმშენებლობით საქმიანობაში იყო ჩართული და ბათუმი აქცია იმ ქალაქად, რომელზეც მსოფლიო საუბრობს.

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში აჭარაში განახლდება ის აღმშენებლობა, რაც ვარშალომიძის დროს იყო.

გოგა ონიანი მიიჩნევს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ეს იყო ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაპირება.

ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება მის მიერ დაწყებულ კამპანიას, სადაც მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ კორპუსების მშენებლობას და ბინების გადაცემას ჰპირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებენ.

myquiz