მორაგბე გიორგი ლომინაძე, მისი მეუღლე და მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან | Allnews.Ge

მორაგბე გიორგი ლომინაძე, მისი მეუღლე და მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ავარიის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან, თუმცა უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.

"დილის მდგომარეობით სამივე პაციენტის შემთხვევაში უმნიშვნელო დადებითი დინამიკა აღინიშნება. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა. მიმდინარეობს ადეკვატური მკურნალობა და სამედიცინო მეთვალყურეობა", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

მისივე თქმით, ავარიის შედეგად დაშავებულებიდან უკეთესი მდგომარეობა აქვს მერაბ კვირიკაშვილს, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. იგი პალატაშია გადაყვანილი და საჭირო მკურნალობა უტარდება.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

myquiz