"მე მხარს დავუჭერდი კაზინოების ქალაქებიდან გატანას, რათა იყოს მეტი ბარიერი" | Allnews.Ge

"მე მხარს დავუჭერდი კაზინოების ქალაქებიდან გატანას, რათა იყოს მეტი ბარიერი"

კაზინოების რეკლამის შეზღუდვა პარლამენტის მიერ დაწესებულია, თუმცა შეიძლება მეტიც დაწესდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ჩემი კითხვის" მაყურებლის მიერ ონლაინკაზინოებისა და აზარტული თამაშების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

"თემას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მე პოლიტიკურ ჭრილში გეტყვით. ტრაგედიები, რომელიც ხდება, ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელსაც აკრძალვებით ვერ მოვუვლით, რადგან ჩვენ უნდა შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ზრდასრული, სრულწლოვანი ადამიანი უნდა განაგებდეს საკუთარ ბედს და ჩვენ კაზინოს აკრძალვით, ტოტალიზატორის დანგრევით და აკრძალვით ამას ვერ მივაღწევთ. უნებისყოფო ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის განცდა არ აქვთ სხვა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ თავისი დედის და მამის პენსია კაზინოში წაააგონ. ამ ტიპის ადამიანებს ცოტა სხვანაირად უნდა მოვუაროთ, თუკი კაზინოს ავკრძალავთ, ის წავა და მეზობელთან წააგებს სეკაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ არასრულწლოვნების დაცვაზე განსხვავებული მიდგომებია საჭირო.

დღეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ისეთივე ეპიდემია, როგორიც ერთი პერიოდი ნარკომანია იყო

უსუფაშვილის თქმით, კაზინოს აკრძალვა ვერ უშველის მაგალითად 37 წლის მამაკაცს, თუმცა თვლის, რომ ონლაინ-კაზინოების რეკლამა ეთერში არ უნდა გადიოდეს.

"კაზინოების რეკლამის შეზღუდვა პარლამენტის მიერ დაწესებულია, თუმცა შეიძლება მეტიც დაწესდეს, მე პირადად დავუჭერდი მხარს იმას, რომ დიახ, ქალაქებიდან იყოს გატანილი კაზინოები, ანუ იყოს მეტი ბარიერი იმისთვის, რომ ცუდ ხასიათზე ან ნაბახუსევზე მყოფმა ადამიანმა უცებ არ შეიაროს ამ კაზინოში. არ უნდა ვუბიძგოთ ზრდასრულ მოქალაქეებს ამისკენ. არასრულწლოვნების დაცვას სხვა სერიოზული ყურადღება და რეგულაციები სჭირდება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

myquiz