მასწავლებლების თვალით დანახული სასკოლო პრობლემები | Allnews.Ge

მასწავლებლების თვალით დანახული სასკოლო პრობლემები

სასკოლო განათლების სისტემის ხარვეზებსა და სფეროში არსებულ ძირითად გამოწვევებზე სპეციალისტების აზრი არაერთხელ მოგვისმენია.

ამჯერად კი ALLNEWS.GE განათლების საკითხებზე იმ ადამიანებს ესაუბრა, რომელთაც ამ პრობლემებთან პირდაპირი შეხება და უშუალო კავშირი აქვთ. ჩვენი რესპონდენტები სხვადასხვა საგნის მასწავლებლები არიან.

სკოლა ზოგადი განათლების მიღების საშუალება და მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტია. მას საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში დიდი ადგილი უკავია.

მოზარდის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ხშირად სკოლაში მიღებული განათლება, ცოდნა, უნარები და მასწავლებლები თამაშობენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგების თვალით დანახული სასკოლო განათლების პრობლემები განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული უკმაყოფილებები - წიგნების ზომა, ხარისხი და რაც მთავარია, მისი შინაარსი თითქმის ყველა საგნის მასწავლებელს აერთიანებს.

ფილოლოგი ნაზი ქათამაძე ALLNEWS-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასკოლო პროგრამა ძალიან გადატვირთულია.

"თითქოს, მასწავლებლებს არჩევანის გაკეთების შანსს გვაძლებვენ. შეგვიძლია გადაწყვეტილება ჩვენი შეხედულებების მიხედვით მივიღოთ - რაღაც ნაწილი გამოვტოვოთ და ჩვენეული ვერსია შევთავაზოთ ბავშვებს, თუმცა ეს იწვევს სახელმძღვანელოების მნიშვნელოვნად გადატვირთვას არასაჭირო მასალით."- აღნიშნავს პედაგოგი.

ნაზი ქათამაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია გრამატიკის საკითხების ცალკე შესწავლა.

მისი აზრით, ამ შემთხვევაში მოსწავლეები უკეთესი შედეგის მიღწევას მოახერხებენ. როგორც პედაგოგი ამბობს, დღეს მოტივები არეულია, საკითხების ნაწილი კი შეუსწავლელი რჩება.

რუსული ენის ფილოლოგი აცხადებს, რომ აღნიშნული საგნისთვის თვეში, მხოლოდ, 8 საათის დათმობა არასწორია და ზოგადად, უცხო ენის საათობრივი დატვირთვა უნდა გაიზარდოს.

"ყველამ კარგად გააცნობიეროს დღევანდელი გამოწვევები და გაანალიზოს რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება 21-ე საუკუნეში ენის ბარიერის არარსებობას. ვფიქრობ, სკოლებში უცხო ენის შესწავლას მეტი დრო უნდა დაეთმოს."-აღნიშნავს ნაზი ქათამაძე.

რუსული ენის მასწავლებელი ამბობს, რომ რაიონებში ტრენინგ-ცენტებთან ხელმისაწვდომობა საკმაოდ დაბალია.

განვითარებისა და გადამზადებისთვის კი ორდღიანი ტრენინგები არასაკმარისია, შესაბამისად ეფექტურობაც ნაკლებია.

ნაზი ქათამაძე რაიონულ სკოლებში ინტერნეტის მიწოდების ხარვეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რესურსების მოძიება ამ მხრივ, განსაკუთრებით გართულებულია. მასწავლებელი სასკოლო განათლებაში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, სასწავლო პროცესში მშობლების ნაკლები დოზით ჩართულობასაც ასახელებს.

ნინო ჯაფარიძე ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებეელია. პედაგოგი მთავარ აქცენტს არასრულფასოვან სახელმძღვანელოებზე აკეთებს.

"ჩვეთვის შემოთავაზებულია წიგნი გოგიშვილის ავტორობით. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან არასრულფასოვანი სახელმძღვანელოა და ამ წიგნით მათემატიკის სწავლა თითქმის შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ პროგრამული თვალსაზრისით დახვეწას ნამდვილად მოითხოვს. ასევე, უნდა გამოვყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აისახება სწავლების ხარისხზე, მეშვიდე კლასში, როცა იწყება ფიზიკა და ქიმია, სამ საგანს, ბიოლოგიის ჩათვლით, ასწავლის ერთი პედაგოგი. ამ საგანს საბუნებისმეტყველო მეცნიერება ქვია და მასში საწყისი საკითხებია თავმოყრილი.

ვიდეოგაკვეთილი ნებაყოფლობითი გახდება

ძნელია, სამ რთულ საგანს ერთი მასწავლებელი ისე კარგად ფლობდეს, რომ სრულყოფილად შეძლოს თითოეულის ახსნა."-აღნიშნავს, ნინო ჯაფარიძე.

პედაგოგი სკოლებში ლაბორატორიების არარსებობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"ფიზიკურად არ გვაქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ტექნიკური საშუალებების გარეშე, ზეპირად კი - საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლა არაეფექტური და თითქმის შეუძლებელია."-აღნიშნავს ნინო ჯაფარიძე.

გეოგრაფიის მასწავლებლები ხათუნა წასიძე მთავარ პრობლემად იმ გარემოებას ასახელებს, რომ სასწავლო პროგრამა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა.

"ხშირად შესაბამისობაში არ მოდის სახელმძღვანელოთი მოცემული საკითხები და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინეული შედეგები.

მართალია ამბობენ, რომ ამ შედეგებზე მხოლოდ საუკეთესო მოსწავლეები შეიძლება გავიდნენ, მაგრამ მეტი სიცხადის შეტანა და პროგრამული ურთიერთთანხვედრა მოსწავლეებისთვისაც და პედაგოგებისთვისაც კარგი იქნებოდა."- განმარტავს ხათუნა წასიძე.

ცხადია, სასკოლო განათლების სისტემაში კიდევ ბევრი ნიუანსი და პრობლემა არსებობს, რაც საბოლოოდ საატესატატო თუ ეროვნული გამოცდებისთვის მოუმზადებელ მოსწავლეებს და ხშირად, 12-წლიანი სწავლების არაეფექტურ დასასრულს განაპირობებს. ამ პრობლემებზე განათლების სამინისტროში მეტი დაფიქრება მართებთ.

ქრისტინე გამთენაძე

https://twitter.com/KristiGam

myquiz