დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცხელ ამინდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცხელ ამინდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის ცხელ პერიოდში მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განაცხადა, ზაფხულის სეზონი ძალას იკრებს.

ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები; გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ დაავადებების მქონე პირები, ასაკოვნები.

"განსაკუთრებით უნდა დავიცვათ ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონდე პირები. დაუშვებლია მათ მკურნალობის დოზები ინდივიდუალურად შეცვალონ. მედიკამეტის სახეობა და დოზები შეთანხმებული უნდა იყოს მათ ექიმთან.

ზოგადად უნდა მოვერიდოთ შუადღის მზის სხივებს. თუკი გარუჯვაზე გვაქვს საუბარი, დილის 08:00 საათიდა 10:00 საათამდე გავიდნენ ზღვაზე და 18:00 საათის შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს. რაც შეეხება ჩაცმულობას უნდა გვეცვეს ღია ფერის, ბუნებრივი, არამჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი, აუცილებელია გვქონდეს თავსაბურავი, ასევე ღია ფერის და ფართო ფარფლებიანი ქუდი ყველაზე სასურველი იქნება.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს თვალების დაცვა და სათვალე ძალიან რეკომენდირებულია.

უნდა ვეცადოთ, რომ კანი მზის დამცავისგან მაქსიმალურად გვქონდეს დაფარული. დამცავი კრემის წასმა ღია ადგილებზე ქალაქშიც აუცილებელია, არა მარტო ზღვაზე.

სახლში უნდა ვეცადოთ, რომ სიგრილე შევინარჩუნოთ.

ფანჯრებზე ჩამოვაფაროთ ბნელი ფარდა. გამოვიყენოთ კონდიციონერი ან ვენტილატორი. განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის დროს, თუ სახლში არ გვაქვს სიგრილის შენარჩუნების პირობები, ჩავიდეთ მეტროში, მაღაზიაში, სადაც კონდიცირებაა", - განაცხადა ლელა სტურუამ.

მისივე თქმით, ცხელ დღეებში მოსახლეობამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა არ არის საჭირო ძალიან ცივი. აბსოლუტურად მიუღებელია ალკოჰოლის მოხმარება; ხშირად უნდა მიიღონ გრილი შხაპი.

მისივე განმარტებით, ხანშიშესულებს შესაძლოა ხშირად გრილი შხაპის მიღება გაუჭირდეთ, ამიტომ მათ სველი პირსახოცი უნდა გამოიყენონ და ისე გაიგრილონ სხეული, რომ არ მოხდეს გადახურება.

"ჩვენ უნდა ვერიდოთ არა მარტო მზის დაკვრას, გადარუჯვას, დამწვრობის მიღებას, არამედ სითბური დაკვრაც არის პრობლემა. ამიტომ არ უნდა გადავახუროთ ორგანიზმი. ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტიკები, სახსრების დაავადების მქონე პირები შედარებით მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და სიცხეში ფიზიკურ აქტივობას უნდა მოერიდონ", - აღნიშნა სტურუამ.

myquiz