მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა კატეგორიულად უარყოფს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობას აპირებდა | Allnews.Ge

მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა კატეგორიულად უარყოფს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობას აპირებდა

მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიშვილი კატეგორიულად უარყოფს მაგდა პაპიძის დედის, ლია შამუგიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობას აპირებდა. ამის შესახებ მალხაზ ქაფიაშვილმა PalitraNews-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი მტკიცებით, ეს არის ტყუილი.

"წვერი რომ გაქვს ადამიანს და თურქეთში ხარ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ტერორისტი ხარ? ნახევარი საქართველო იქით არის და ვიზა აქვს გაფუჭებული, მაგრამ ეს არ ამტკიცებს არაფერს", - განაცხადა მალხაზ ქაფიაშვილმა და აღნიშნა, რომ მას ძმასთან ამ საკითხის გამო არავითარი დაპირისპირება არ ჰქონია, როგორც ეს ლია შამუგიამ განაცხადა და პირიქით, ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი "ისლამური დაჯგუფების" წევრობას აპირებდა, - ამის შესახებ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამ ლია შამუგიამ PalitraNews-ს განუცხადა.

"მე ისიც მაქვს გაგებული, რომ მახოს უნდოდა "ისლამურ დაჯგუფებაში" შესვლა. ჩვენ ფეისბუქზე სურათიც მოვიპოვეთ, მერე წაშალა ეს სურათები და ლანა დაბლოკა. წვერიანი ბიჭები დამანახა ლანამ სურათში. ომარი სულ ეჩხუბებოდა, თუ ბრძოლა გინდა, ჩემს გვერდით დადექი და იბრძოლეო. სულ ჰქონდათ ამაზე ჩხუბი, ნუ მარცხვენო, ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო. უშლიდა ძალიან ამ "ისლამურ დაჯგუფებაში" წასვლას. შეიძლება სრულიად ალალ-მართალია ეს ბიჭი, მაგრამ არ ვიცი", - განაცხადა ლია შამუგიამ.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. პროცესზე უკვე დაიკითხნენ მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური, ძმა მალხაზ ქაფიაშვილი და მათი მეზობლები.

ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

myquiz