სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო "ბავშვთა ახალ კლინიკასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო "ბავშვთა ახალ კლინიკასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ "ბავშვთა ახალ კლინიკასთან" დაკავშირებით გავრცელებული შემთხვევები შეისწავლა.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, შესწავლის შედეგად არ დადასტურდა ფაქტი, თითქოს ექთანმა შეცდომით პაციენტს არასწორი ხსნარი გადაუსხა, რასაც ბავშვის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა.

ამასთან, მათივე განმარტებით, ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ერთი ფაქტი და დასტურდება, რომ პაციენტს მაკრატლით კანი დაუზიანეს.

"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე 25.06.16 წ. გამოქვეყნებული შემთხვევები. სადაც ერთ- ერთი მოქალაქე " ბავშვთა ახალ კლინიკაში" პაციენტებისთვის გაწეული არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების რამდენიმე შემთხვევის შესახებ წერს.

ბავშვთა ახალი კლინიკა ერთ-ერთ მოქალაქეს საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩივის

აღწერილი შემთხვევებიდან ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ერთი ფაქტი. კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა, თუმცა, იქვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და საბედნიეროდ, ამ დაზიანებას გართულებები არ მოჰყოლია. აღნიშნულის გამო დაწესებულების ადმინისტარციის მიერ გატარებული იქნა შესაბამისი ღონისძიებები...

რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი პაციენტის მშობელსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, თითქოსდა ექთანმა შეცდომით პაციენტს არასწორი ხსნარი გადაუსხა, რასაც ბავშვის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა, შესწავლის შედეგად არ დადასტურდა.

წერილში არის კიდევ ერთი ისტორია: "ჰქონდა თუ არა ადგილი არასწორად ჩადგმული ზონდის გამო პაციენტის გარდაცვალებას?" პირველადი მონაცემები არ არის საკმარისი ამ ფაქტის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის და საკითხი საჭიროებს გაღრმავებულ შესწავლას, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

myquiz