საზაფხულო ბანაკები - სად დავასვენოთ ბავშვები | Allnews.Ge

საზაფხულო ბანაკები - სად დავასვენოთ ბავშვები

საქართველოში ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკები ჯერ ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც საზღვარგარეთ, თუმცა ბოლო პერიოდში ამ მხრივ საკმაოდ დიდი გააქტიურება შეიმჩნევა.

შეიძლება ითქვას, რომ სფეროში კონკურენცია არსებობს და მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება.

საქართველოში არსებული საზაფულო ბანაკების პირობებით, შემოთავაზებებით, შესაძლებლობებითა და პრობლემებით ALLNEWS.GE დაინტერესდა. სფეროში დასაქმებულები, ჩვენთან საუბრისას, აქცენტს რეგულაციების არარსებობაზე აკეთებენ და ბანაკის მარეგულირებელი სტანდარტების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

როგორც არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი "მზიანი სახლის" გამგეობის თავმჯდომარე ნოდარ მამინაიშვილი აღნიშნავს, ზოგიერთი არაკვალიფიციური ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და შესრულებული ბანაკები, მომხმარებელს ნდობას აკარგვინებს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც სამინისტროს ბრძანების საფუძველზე შეიქმნება და დამტკიცდება შესაბამისი სტანდარტები. რაც შეეხება "მზიანი სახლის" მიერ ორგანიზებული ბანაკების პირობებს, ნოდარ მამინაიშვილი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას სფეროში დიდი ხნის გამოცდილება დაუგროვდა და შესაბამისად, ყველა მოსალოდნელი ნიუანსი წინასწარ გათვალისწინებულია.

ბანაკი 10 დღიანია და მასში 7-დან 18 წლამდე ბავშვების გაშვებაა შესაძლებელი. ადგილზე გუნდები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იყოფიან და გასართობი თუ შემეცნებითი პროგრამებიც შესაბამისი უნარებისთვისაა გათვლილი.

"პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბავშვების გაცნობა, მათი გუნდად შეკვრა და გარემოსთან ადაპტაცია. დასაწყისში ხდება მოზარდების შესაძლებლობებისა და საჭიროებების გამოვლენა. დღის განრიგი და აქტივობები საათების მიხედვითაა გადანაწილებული. ათდღიანი თანაცხოვრება საერთო საბანაკე ღონისძებით სრულდება."-აღნიშნავს ნოდარ მამინაიშვილი.

მისივე განმარტებით სანამ ბანაკი დაიგეგმება, ჯგუფის წევრები წინასწარ ეცნობიან სიტუაციას. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით კი გაფრთხილებულია ადგილობრივი პოლიცია, ამბულატორია და რაიონული საავადმყოფო.

როგორც ნოდარ მამნიაშვილი აღნიშნავს ბანაკს კვალიფიციური პედიატრი ემსახურება. დაწესებულია 24 საათიანი მეთვაყურეობა და ჯგუფის ლდერები წინასწარ გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით ხელმძღვანელობენ.

განათლებისა და მართვის გუნდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თვალიაშვილი ALLNEWS-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბანაკებზე მოთხოვნა საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მისი თქმით, ორგანიზაცია ხშირად თანამშრომლობს დონორებთან და მათი დაფინანსებითაც აწყობს ბანაკებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და შესაბამისად მცირე კონტინგენტიანი ბანაკების ორგანიზებას ვანიჭებთ უპირატესობას. ბანაკში კვების ჰიგიენიდან დაწყებული აქტივობების მიმდინარეობით დამთავრებული, ყველა უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ჩვენ არასდროს არ მიგვყავს ბავშვები ადგილზე, რომელსაც არ ვიცნობთ."-აღნიშნავს გიორგი თვალიაშვილი.

განათლებისა და მართვის გუნდი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში 10-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის, მაქსიმუმ ორ კვირიან ბანაკებს გეგმავს, საზღვარგარეთ კი მოზარდები 11 წლიდან მიემგზავრებიან ერთთვიან ბანაკებში.

გიორგი თვალიაშვილის რეკომენდაციით, ბავშვის ბანაკში გაშვებამდე მშობლებმა ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე უნდა გაამახვილონ.

გასათვალისწინებელია ორგანიზატორი კომპანიის გამოცდილება, მათი მხრიდან რისკების მართვის შესახებ ინფოირმაცია, აზრი იმ მშობლებისგან, რომელთა შვილები უკვე იმყოფებოდნენ აღნიშნულ ბანაკში.

"ბანაკი არ არის მხოლოდ დასასვენებელი სივრცე, იქ ბავშვები სწავლობენ, მათ უვითარდებათ სხვადასხვა უნარები, უყალიბდებათ დამოკიდებულებები და სასარგებლო ჩვევები. ბანაკმა მათ გამოცდილება უნდა შესძინოთ."- აღნიშნავს გიორგი თვალიაშვილი.

რაც შეეხება ფასებს, ის ყველა ბანაკში განსხვავებულია. ღირებულება 400 ლარიდან 750 ლარამდე მერყეობს. გააჩნია შემოთავაზებულ პირობებს, ადგილმდებარეობასა და დასასვენებელი დღეების ხანგრძლივობას.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz