დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს | Allnews.Ge

დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 40-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ინერტული მასალის შეტანა და მისასვლელი გზების მოწყობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ მომენტისათვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მდინარე თერგში წყლის დონის დაწევას ელოდებიან, რის შემდეგაც მძიმე ტექნიკა უშუალოდ გზის აღდგენით სამუშაოებზე გადავა.

23 ივნისს 18:00 საათზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

მეორე დღეა სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, მისი მოადგილე ირაკლი ხერგიანი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.

myquiz