ექსპერტ-კრიმინალისტი - ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზი ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა გახდა | Allnews.Ge

ექსპერტ-კრიმინალისტი - ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზი ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა გახდა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე ექპერტ-კრიმინალისტი იკითხება, რომელმაც ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა.

სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის ამსახველი ფოტო მასალის გამოკვლევა უნდა დაწყებულიყო, როდესაც მაგდა პაპიძემ სასამართლო დარბაზიდან გაყვანა ითხოვა.

"ვერ ვუსმენ არ შემიძლია", - მიმართა მოსამართლეს მაგდა პაპიძემ და სხდომათა დარბაზი დატოვა. ამის შემდეგ დაიწყო ექსპეტის დაკითხვა. როგორც მან აღნიშნა, ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზი ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა გახდა.

"ომარ ქაფიაშვილის ცხედარს ნაჭდევები ჰქონდა გულ-მკერდის არეში, ასევე სისხლნაჟღენთები. მარჯვენა ყურის ნიჟარაზე ჰქონდა ნაფლეთოვანი ჭრილობა, რომელიც ყურს ორ ნაწილად ყოფდა. ყურს რომ რაიმე ნაწილი აკლდეს, ამას აუცილებლად დავაფიქსირებდი დასკვნაში. გარდა ამისა გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე ჰქონდა დაზიანება ნაჭდევების სახით და ეს მიდამო დასვრილი იყო მიწის ნაწილებით", - განაცხადა ექპერტმა.

რაც შეეხება თორნიკე ქაფიაშვილს, ექსპერტის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

"თორნიკე ქაფიაშვილი ცხვირ-პირის სასუთქი გზების გადაკეტვის შედეგად გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა თვალის, ტუჩის არეში და ცხვირ-ტუჩის გარშემო სისხლჩაქცევები. მარცხენა ყურის უკან ჰქონდა სისხლნაჟღენთი. ასეთი დაზიანება შეიძლება ფრჩხილმაც გამოიწვიოს", - განაცხადა ექპერტმა.

მისივე თქმით, ბავშვს მძიმე პათოლოგია არ ჰქონია და აღენიშნებოდა მხოლოდ გარკვეული სახის ალერგიული ფონი.

myquiz