რამდენად დაცულია თბილისის მეტრო სტიქიის დროს | Allnews.Ge

რამდენად დაცულია თბილისის მეტრო სტიქიის დროს

"თბილისის მეტროს არსებობის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საგანგებო სიტუაციის შედეგად გამოწვეული ხანძრით ან წყლით, მსხვერპლით დასრულებულიყოს", - ამბობს ALLNEWS.GE-სთან საუბრისას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მოძრაობის სამსახურის უფროსი მიხეილ კილასონია. მასთან სწორედ იმის შესახებ დავიწყეთ საუბარი, მომხდარა თუ არა სერიოზული სტიქიური უბედურება თბილისის მეტროში.

"ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძლიერი წვიმის გამო წყალი მეტროში ჩამოსულა, გაჩენილა ხანძარი, თუმცა საბედნიეროდ ამას ადამიანის სიცოცხლე არ შეუწირია. დაახლოებით 2010 წელს, ახმეტელის მეტროში, სამუშაო საათები დასრულებული იყო, როდესაც გარედან წყალი ჩამოვიდა, მიკრორაინებიდან წამოსული წყალი პირდაპირ მეტროში შემოვიდა, თუმცა წყალს სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, რადგან შექმნილია საგანგებო შტაბი და ისეთ სადგურებზე, რომელიც წყლის შემოსვლის კუთხით საშიშია, გვაქვს სპეციალური აღჭურვილობა, ქვიშის ტომრები, რომელსაც ამ დროს ვალაგებთ ხოლმე.

-წყლის ჩასვლის საფრთხე რომელ მეტროსადგურებშია?

-მაგალითად, ახმეტელზე, თუმცა ახლა ვეღარ ჩავა, რადგან ისეა შემოღობილი ყველა მხრიდან, რომ ნაკლებად სავარაუდოა წყლის ჩასვლა, ახმეტელის გარდა, მსგავსი შემთხვევა ყოფილა ვარკეთილში, ვაჟა-ფშაველაზე და დელისზე. ახლა უკვე ყველა სადგურის შემოსასვლელის წინ გვაქვს წყალმიმღები ცხაურები და წყალი იქ ჩადის. ყოფილა შემთხვევა, ეს ცხაურები წყლით გავსებულა და სადგურში შემოსულა წყალი, მაგრამ ამას დატბორვასაც ვერ ვუწოდებ. ერთხელ ვარკეთილში ჩამოვიდა წყალი, ესკალატორში რომ არ ჩასულიყო სადგური დავხურეთ, ქვიშის ტომრებით კედელი გავაკეთეთ, წყალი ამოვტუბეთ და სადგური წყლისგან გავათავისუფლეთ.

-ძირითადად რა საფრთხეს შეიცავს მეტრო და რამდენადაა დაცული უსაფრთხოების ზომები?

-მეტროში შეიძლება ჩავიდეს წყალი ან გაჩნდეს ხანძარი. ადრე ავლაბარში გაჩნდა ხანძარი, მესამე დახრილ გვირაბში, სადგური უცებ დავცალეთ და მგზავრები უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ, მადლობა ღმერთს ასეთი საგანგებო სიტუაციების დროს მძიმე შედეგი არ გვქონია, ამისათვის ყველანაირად მომზადებულები ვართ და უსაფრთხოების ზომებიც მკაცრადაა დაცული. ჩემი 21-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, სტიქიური უბედურების დროს საბედნიეროდ ადამიანი არ დაღუპულა და არც დაშავებულა.

-ცნობილია, რომ მეტრო ორგან მტკვრის ქვეშ გადის, რამდენად არის იქ უსაფრთხოება დაცული?

-თავის დროზე, როდესაც მეტრო გაიყვანეს ამ ორ გადასარბენზე, კერძოდ ავლაბარი-თავისუფლება და რუსთაველი-მარჯანიშვილის დამაკავშირებელი, სადგურის გათხრა მტკვრის ქვემოთ მოუწიათ, მაგრამ ბეტონისა და რკინის კონსტრუქციით ისეა აშენებული, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს, სხვათაშორის მაგ გადასასვლელებზე წყლის ჩამოსვლის შემთხვევა არ ყოფილა. პირიქით, საბურთალოს ხაზზე, სადაც გვირაბი ღრმად არ არის გათხრილი, იქ უფრო ჩამოსულა წყალი წვიმის დროს, ვიდრე ამ გადასარბენებში.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz